ღარიბაშვილს სომეხ ტყვეებთან დაკავშირებით წარმატების ფონზე საკუთარ მოქალაქეს ახსენებენ და სამოქმედოდ კონკრეტულ ვადას აძლევენ
14/06/2021 07:22:44 საზოგადოება
ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახმა ხელისუფლებას სამოქმედოდ რამდენიმედღიანი ვადა მისცა. კერძოდ, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუ გახელაძე 23 ივნისამდე არ გათავისუფლდება, უწყვეტ საპროტესტო აქციებს დააორგანიზებენ. 23 ივნისს გახელაძის დაბადების დღეა.
გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი ამბობს რომ პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა შედეგი არ დამდგარა.
გახელაძეები ამბობენ, რომ სომეხი ტყვეების გათავისუფლებისთვის გაწეული ძალისხმევა დასაფასებელია, თუმცა ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებზეც უნდა იზრუნოს.
"პრემიერ–მინისტრი დაგვპირდა, რომ მაისის ბოლოსთვის შედეგს დადებდა და ეს შედეგი იქნებოდა ზაზას გათავისუფლება, მაგრამ არაფერი მომხდარა. მოვითხოვთ, საქმეში ჩაერთონ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ სომეხი ჯარისკაცების გათავისუფლებაში. იქნებ ეს ფორმატი ზაზასთანაც ამოქმედდეს, რომ დროულად გათავისუფლდეს". - ამბობს ირმა ბუთხიზი.
ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო. ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.
იხილეთ ასევე: რას ითხოვს ცხინვალი გახელაძის სანაცვლოდ – ოჯახის ვერსია


