ბაიდენი ნატო-სა და ევროკავშირის სამიტებზე დასასწრებლად ბრიუსელში ჩავიდა
14/06/2021 05:40:21 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატო-სა და ევროკავშირის სამიტებზე დასასწრებლად ბრიუსელში ჩავიდა.
თეთრი სახლის ცნობით, ალიანსის ლიდერები ამბიციურ ინიციატივებს წარადგენენ, რომელიც უსაფრთხოებას 2030 წლის შემდეგაც უზრუნველყოფს. ახალი „სტრატეგიული კონცეფცია“ 2022 წლის ნატო-ს სამიტზე დასამტკიცებლად მომზადდება.
შეხვედრაზე მთელ რიგ თემებს, მათ შორის, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის, ჩინეთსა და რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავენ.
ამასთან, როგორც სამიტამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, "ნატო–ს სამიტზე ლიდერები გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ".
15 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. 16 ივნისს კი იგი ჟენევაში ჩავა და რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას.
ჯო ბაიდენი ბელგიაში გაერთიანებული სამეფოდან ჩავიდა, სადაც ის „დიდი შვიდეულის“ სამდღიან სამიტში მონაწილეობდა.


