ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება
14/06/2021 05:35:12 მსოფლიო
ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.
„ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი – კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე“,- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ "ღია კარის პოლიტიკა" კვლავ გაგრძელდება:
"ნატო-ს წევრი ქვეყნები განიხილავენ საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს, რეგიონში უსაფრთხოების საკითხს და რა თქმა უნდა, ეს შესაბამისად ასახული იქნება საბოლოო დოკუმენტში, კომუნიკეში. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ "ღია კარის პოლიტიკა" კვლავ გაგრძელდება, რომ საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობას ნატო გააგრძელებს უფრო ინტენსიურად, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში შესაძლებელი გახდეს პარტნიორი ქვეყნების გაწევრიანება ნატო-ში“.
იხილეთ ასევე: ჯეიმს აპატურაი: საქართველო NATO–ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს სამიტის კომიუნიკეშიც აისახება


