გამყრელიძე – სოციალურ ღონისძიებებზე, მათ შორის, დიდ ქორწილებზე: "კიდევ ერთი წელი მაინც უნდა შევიკავოთ თავი ამისგან"
11/06/2021 15:39:09 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოსახლეობას სოციალური ღონისძიებებისგან, მათ შორის, დიდი ქორწილებისგან თავის შეკავება, მინიმუმ, ერთი წელი მოუწევს.
"ჩვენ ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე უნდა ვატაროთ და დიდი თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ. შემიძლია, გაჩვენოთ რამდენი ფოტო მაქვს ჩაყრილი, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ. ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. მარტო შოლტი არ მოქმედებს, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ კიდევ ერთი წელი მაინც თავი უნდა შევიკავოთ ამისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები).


