ლომჯარია – ნინოწმინდის პანსიონზე: "დღესაც რამდენიმე ახალგაზრდა დაგვიკავშირდა, მათზე ზეწოლა მიმდინარეობს"
11/06/2021 12:17:25 საზოგადოება
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატს დაუკავშირდა კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც ზეწოლაზე საუბრობენ.
"დღესაც რამდენიმე ახალგაზრდა დაგვიკავშირდა, რომელთა საქმესაც ეხლა ვსწავლობთ და ვარკვევთ ვითარებას. ძალიან აღელვებულები იყვნენ ისინი და აცხადებდნენ, რომ მათზე მიმდინარეობს ზეწოლა და აიძულებენ რომ დაატოვებინონ კონკრეტული სასწავლებელი. ასევე, ვიღებ ინფორმაციას ბენეფიციარებთან გასაუბრების დროს, რომ იქ ყოფნის პერიოდში, პანსიონში და შემდგომაც მიმდინარეობს მათ მიმართ სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისი თქმით, მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც ყოფილი ბენეფიციარების, არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი პირების მიმართ, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილებების შესახებ ისაუბრეს სამართალდამცავ ორგანოებთან, ან აპირებენ, რომ მისცენ ჩვენებები.
"ეს ზეწოლა მომდინარეობს სწორედ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული პირებისგან და მათ შორის სასულიერო პირებისგან", – განაცხადა ლომჯარიამ.
იგი საგამოძიებო ორგანოებს ეფექტური და დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს:
"დღეს მთავარი არის ის, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტურად და დროულად გამოავლინონ და გამოიძიონ საქმეები. ჩვენ ყველამ ერთად მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ ამ ბავშვებს, რომლებიც უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან".


