
რაზე შეთანხმდნენ ივანიშვილი და ოქრუაშვილი: "რადგან ბინძური თეთრეულის გამოფენა გადაწყვეიტეს, მეც ანალოგიურად ვუპასუხებ"
22/07/2019 11:01:55 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი
"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაციის საპასუხოდ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების დეტალებს იხსენებს.
როგორც ოქრუაშვილი ირწმუნება, აღნიშნული ჩვენება ყოფილ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან საუბრის შემდეგ მისცა, აღნიშნულს კი წინ ივანიშვილთან შეთანხმება უძღოდა. მისივე თქმით, ჩვენების სანაცვლოდ ოქრუაშვილს 2014 წლის არჩევნებში "ქართული ოცნებისგან" მხარდაჭერა უნდა მიეღო.
"საიდან ჩაუვარდა დვალს ხელში ჩემი დაკითხვის ოქმი? ესე იგი პროკურატურამ მისცა სისხლის სამართლის საქმიდან გადაღებული ასლი. მე თვალით არ მინახავს, მაგრამ დავუშვათ, რომ ეს ასეა. რადგან ბინძური თეთრეულის გამოფენა გადაწყვეიტეს, ანალოგიურად ვუპასუხებ: 2014 წლის პირველ აპრილს ვარ დაკითხული, 15 ივნისს უნდა ყოფილიყო ადგილობრივი არჩევნები, როდესაც გორში მერობაზე ვაპირებდი კენჭისყრას, ეს არის პერიოდი, როდესაც "ქართული ოცნება" "ცხენზე ზის" და მათთვის კონკურენციის გაწევა ადვილი არ არის. მე დავიწყე საერთო ენის გამონახვა ივანიშვილთან იმ მიზნით, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ერთის მხრივ, დისონანსი არ შემეტანა მათ გეგმებში და მეორეს მხრივ – "ხელის არშეშლა", გარკვეული მხარდაჭერა მიმეღო. ამისთვის შუამავლობა ვთხოვე დათო უსუფაშვილს [პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე]. უსუფაშვილმა ივანიშვილისგან ძალიან მარტივი მესიჯი მომიტანა – "პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება, ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ". პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მომთხოვა ჩვენების იმ სახით მიცემა, რა სახითაც მაქვს მიცემული",– განაცხადა ოქრუაშვილმა.
მსგავს კომუნიკაციას ადასტურებს დავით უსუფაშვილი:
"მე არ ვიცი რა მესიჯი აჩვენა და რა შუამავლობაზეა საუბარი. ირაკლი ოქრუაშვილი ჩემთან მოსული იყო 2014 წელს, ალბათ, და მან გამოთქვა სურვილი ივანიშვილთან და “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობის. მთხოვა ოქრუაშვილმა მთხოვა, რომ ეს გადამეცა ივანიშვილისთვის. მე გადავეცი დანაბარები ივანიშვილს. ეს ნამდვილად იყო. მე სმს-ების არქივი არ მაქვს, მაგრამ ეგ ნამდვილად იყო... ირაკლიმ დილას დამირეკა და მითხრა, რომ წინააღმდეგი ხომ არ ვიქნებოდი ამაზე რომ ელაპარაკა. მე ამაზე არ მილაპარაკია, მაგრამ თუ ოქრაშვილი ან ივანიშვილი ამაზე ილაპარაკებენ, მე როგორ უნდა ვიყო წინააღმდეგი? თუ არ ვცდები, ბიძინამ თქვა, რომ პროკურატურასთან აქვს გასარკვევი ურთიერთობებიო და შოთაძესთან გადამამისამართა. მე მგონი, შოთაძესთან გადაამისამართა ოქრუაშვილი. მათი შეხვედრა ჩემი თანდასწერებით არ მომხდარა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ცნობისთვის: დვალმა ოქრუაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების ეპიზოდი გამოაქვეყნა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლას ეხება.