რიკერი: "ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში"
11/06/2021 05:54:11 საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.
"ვისაუბრეთ, თუ რას ვაკეთებთ, რომ ვცდილობთ სხვადასხვა მონუმენტისა და ღირსშესანიშნაობის რესტავრაციას. ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში. ამერიკა ძალიან ამაყია ამით. მის უწმინდესობას ასევე გადავეცი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც ასევე აფასებენ ამ ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებს. ჯვრის მონასტრის რეაბილიტაცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან თვალშისაცემია, რომ ეს ადგილი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ“, – განაცხადა რიკერმა.
რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოში ვიზიტის შემდეგ ფილიპ რიკერი აზერბაიჯანსა და სომხეთში გაემგზავრა. ბაქოსა და ერევანში შეხვედრების შემდეგ კი, ისევ თბილისში დაბრუნდა და უწმინდესს შეხვდა.


