Accentnews.ge
"ჯორჯიან მანგანეზი" - შუქრუთელებზე: "ზიანის შეფასების შემთხვევაში არჩევანის უფლება ექნებათ"

"ჯორჯიან მანგანეზი" - შუქრუთელებზე: "ზიანის შეფასების შემთხვევაში არჩევანის უფლება ექნებათ"

10/06/2021 05:44:24 საზოგადოება

"ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის მოსახლეობასთან მიღწეულ შეთანხმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ არჩევანის უფლება ექნებათ.

როგორც "ჯორჯიან მანგანეზში" აღნიშნავენ, "კომპანიის შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დათანხმდა".

„კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ ექნებათ არჩევანის უფლება. ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში, ან მათივე მოთხოვნის მიხედვით ზიანის შეფასება უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს თან ერთვის „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის და პროტესტის მონაწილეთა ხელმოწერები“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები ყურადღებასა და საკუთრების უფლების დაცვას დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში მოითხოვდნენ. აქციაში მონაწილე შუქრუთელების ნაწილმა პირი ამოიკერა და ამ გზით მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას.

მოშიმშილეები ამბობდნენ, რომ ჭიათურაში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლებოდა და შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ინგრეოდა, ნაწილი კი უკვე დაინგრა.

30 მაისს შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ის საელჩოსთან დაბანაკდნენ. ისინი ამერიკის ელჩ კელი დეგნანს ცენტრალური ხელისუფლებისთვის "ხმის მიწვდენაში" სთხოვდნენ დახმარებას. თბილისში აქციის პარალელურად 31 მაისს "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კომპანია მზად იყო, სამხარაულის ბიუროსთვის მიენდო შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალის შეფასება და ზარალის არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობისთვის შესაბამისი ზარალის ანაზღაურება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S