"არ არსებობს გარანტია, რომ უკრაინა ნატო-ში არ შევა. ეს უნდა გვქონდეს მხედველობაში"
09/06/2021 18:48:58 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, არ არსებობს გარანტია, რომ უკრაინა ნატო–ში არ შევა. ამის შესახებ მან "Россия 1"-თან ინტერვიუში განაცხადა.
"რაც შეეხება ნატო–ში უკრაინის გაწევრიანების შეთავაზების საკითხს ან ნატოში უკრაინის გაწევრიანების გეგმებს, მე ვხედავ ჩვენი მიმომხილველების კომენტარებს, ვხედავ ჩვენი მასმედიის, ჩვენი პოლიტიკოსების რეაქციებს. ყველა ცოტათი დასცინის ზელენსკის და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ყბედობაა, აქ არაფერი იქნება და ა.შ. მე სხვა აზრი მაქვს. შესაძლოა, ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გეგმა განიხილება. არაერთხელ მომისმენია, რომ ნატო ღია ორგანიზაციაა და ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს, როგორ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. რა დასკვნა შეიძლება, გავაკეთოთ აქედან? არსებობს ფორმალური შეზღუდვები, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ უკრაინა ნატო–ში არ შევა. ჩვენ არ ვიცით, რაზე მიდის მოლაპარაკებები. ჩვენ ეს უნდა გვქონდეს მხედველობაში", – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მან უკრაინის ნატო–ში გაწევრიანების შესაძლო შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ნატო-ს რაკეტების რუსეთამდე მიღწევის დრო 7 წუთამდე შემცირდება.
"გვაწყობს ჩვენ ეს?! არის თუ არა ეს ჩვენთვის წითელი ხაზი?!", – განაცხადა პუტინმა.


