"კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი, რომელიც არა მხოლოდ სწრაფად ვრცელდება, არამედ დაავადების მძიმე ფორმებს იწვევს"
09/06/2021 16:37:43 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის ერთ–ერთი მიზეზი ბრიტანული შტამია.
"ჯერ–ჯერობით ვერ მოვახერხეთ დრამატულად შეგვემცირებინა გარდაცვალების შემთხვევები. საქართველოში დღეში 15-დან 30-მდე გარდაცვალება ფიქსირდება. [...] 15 გარდაცვლილი ჩვენთვის ძალიან ბევრია და საგანგებო ზომებს ვიღებთ, რომ ეს რაოდენობა შემცირდეს. გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი, რომელიც დომინირებს საქართველოში და წინა თვეებში დომინირებდა ევროპაში. ეს შტამი არამხოლოდ სწრაფად ვრცელდება და მეტი გადამდებლობით ხასიათდება, არამედ იწვევს დაავადების მნიშვნელოვნად მძიმე ფორმებს. დღევანდელი კონტიგენტი კოვიდავადმყოფებისა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე იქამდე, სანამ ბრიტანული შტამი გაჩნდებოდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის კიდევ ერთი გამომწვევია ვაქცინაციის დაბალი პროცენტი, რომელიც ჩვენთან საერთო მოსახლეობის 5-6%-ს შეადგენს:
,,ამასთან, სიკვდილიანობა გაცილებით მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია დაბალია და ჩვენ სამწუხაროდ, ამ სიას მივეკუთვნებით. სულ 5-6%-ია ვაქცინირებული მოსახლეობის, მაშინ როდესაც ისრაელმა, ბრიტანეთმა და ამერიკამ 2/3 აცრა მოსახლეობის. ვაქცინირებულ ადამიანებში პირველ რიგში სიკვდილიანობა მცირდება, თორემ გადამდებლობა ვაქცინაციის შემდეგაც რჩება. ჩვენთან ერთი დოზის გაკეთების შემდეგ 400-ზე მეტ ადამიანს დაემართა კოვიდი და ყველა მათგანმა გადაიტანა იოლად, ხოლო მეორე დოზის შემდეგ მხოლოდ 10-14 ადამიანი დაინფიცირდა კოვიდით. ვინაიდან, ჩვენთან ვაქცინაციის პროცენტი არის 5-7 ეს ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია იმისა, რომ ვერ მოვახერხეთ სიკვდილიანობის დრამატული შემცირება“.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 821 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 866 პირი გამოჯანმრთელდა, 31 პირი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 351 249 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 335 895 პირი გამოჯანმრთელდა, 4 982 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 184 718 ადამიანი.


