ევროპარლამენტმა ციფრული კოვიდ-სერტიფიკატების შემოღების ინიციატივას მხარი დაუჭირა
09/06/2021 09:11:17 მსოფლიო
ევროპარლამენტმა ციფრული კოვიდ-სერტიფიკატების შემოღების ინიციატივას მხარი დაუჭირა. შესაბამის ინიციატივის სასარგებლოდ 543-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 93 წინააღმდეგი იყო, 46-მა კი თავი შეიკავა.
ინიციატივის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნის ხელისუფლების მიერ კოვიდ–სერტიფიკატის გაცემა უფასოდ მოხდება. დოკუმენტში აღნიშნული იქნება, არის თუ არა პირი ვაქცინირებული „კოვიდ-19“-ზე, აქვს „კოვიდ-19“-ის ტესტის ნეგატიური პასუხი ან აქვს თუ არა გადატანილი დაავადება.
ახალი რეგულაცია ძალაში 2021 წლის პირველი ივლისიდან შევა და 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
კოვიდ–სერტიფიკატების დანერგვის მიზეზად ევროკავშირში მოგზაურობისა და ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა სახელდება.
აღსანიშნავია, რომ კოვიდ–სერტიფიკატი არ არის თავისუფალი გადაადგილების წინაპირობა და არ განიხილება, როგორც სამოგზაურო დოკუმენტი.
ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ინიციატივა ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.


