აშშ ჩინეთთან ტექნოლოგიური კონკურენციის დასაძლევად 200 მილიარდზე მეტს დახარჯავს
09/06/2021 09:26:47 მსოფლიო
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიზანია გაზარდოს ქვეყნის შესაძლებლობა ჩინური ტექნოლოგიებისთვის კონკურენციის გაწევის კუთხით და შეამციროს ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენა.
კანონპროექტი ითვალისწინებს 190 მილიარდი დოლარის გამოყოფას, რომელიც ტექნოლოგიების სფეროს განვითარებასა და კვლევებზე დაიხარჯება.
გარდა ამისა, 54 მილიარდი დოლარია გამოყოფილი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის განვითარებაზე, მათ შორის, ორი მილიარდი დოლარი ჩიპების განვითარებაზე, რომლებსაც ავტომობილების წარმოებაში იყენებენ.
„თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, მაშინ ჩვენ დომინანტი სუპერ სახელმწიფო აღარ ვიქნებით“ – განაცხადა დემოკრატების ლიდერმა სენატში ჩაკ შუმერმა.
კანონპროექტს, რომელიც სენატმა 68 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.


