რატომ სტუმრობდა საქართველოს უკრაინის ეკლესიის რუსული ფრთის დელეგაცია
08/06/2021 11:33:27 საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ და მისი ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მიტროპოლიტ ანტონის ხელმძღვანელობით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული) დელეგაციას უმასპინძლეს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, „შეხვედრა ძმურ და თბილ ვითარებაში წარიმართა“, სადაც მიტროპოლიტი ანტონი საქართველოს პატრიარქს „უკრაინის მართლმადიდებლობაში“ არსებული მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გზები განიხილეს.
ინფორმაციისთვის: უკრაინის მართლმადიდებელი საზოგადოება მოსკოვსა და კიევს დაქვემდებარებულ საპატრიარქოებს შორისაა გაყოფილი. ეს უკანასკნელი მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც 2019 წლის იანვარში კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, ბართლომე I-მა ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა, რამაც მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია და რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლთან ურთიერთობები გაწყვიტა.
თეოლოგი გოჩა ბარნოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ეკლესიის რუსული ფრთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში უკრაინის პრემიერ–მინისტრის ვიზიტით იყო განპირობებული, რომელიც 3 ივნისს, მათ შორის, საქართველოს პატრიარქსაც შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ მწირი და ზოგადი ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა ბარნოვისთვის ცხადია, რომ დენის შმიგალი როგორც ილია მეორესთან შეხვედრაზე, ისე საქართველოს ხელისუფლებასთან გარკვეულ მინიშნებებს გააკეთებდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით.

„პრემიერ–მინისტრის ვიზიტს ბუნებრივად მოჰყვა რუსების ვიზიტიც. ისინი გარკვეულ ინსტრუქტაჟს მისცემდნენ საქართველოს საპატრიარქოს მესვეურებს, თუ რა უნდა გააკეთონ მათ სამომავლოდ და ეს არის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არაღიარება“,– აცხადებს თეოლოგი.
„ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავაც ფიქრობს, რომ შმიგალის საქართველოს საპატრიარქოში ვიზიტისას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საუბარი იქნებოდა, თუმცა ძალიან დელიკატური ფორმით, რომ საკითხი და საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, თუმცა ჯეჯელავა ფიქრობს, რომ პატრიარქი მას შემხვედრი წინადადებებით არ უპასუხებდა.
„ალბათ, პატრიარქი გამოიყენებდა ტრადიციულ ფორმულას უკრაინის და უკრაინელი ხალხის დალოცვისა და ყველაფერი ამით დასრულდებოდა“,– ამბობს „აქცენტთან“ ჯეჯელავა.
რაც შეეხება რუსული ფრთის ვიზიტს, ჯეჯელავა ფიქრობს, რომ ეს ჯდება საქართველოში შექმნილ საერთო კონტექსტში, რომელშიც საქართველოს ეკლესია აქტიურად მონაწილეობს. კერძოდ, მისი დაკვირვებით, ეკლესია დღეს არა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, პოლიტიკური აქტორია, რომლის გარშემოც პრორუსული ორიენტაციის ახალი თუ ძველი პარტიები დაჯგუფდნენ:
„ნათლად ჩანს, რომ რუსეთი ცდილობს, ქართულ მოსახლეობაზე გავლენები სწორედ საქართველოს ეკლესიის გავლენის ხარჯზე მოიპოვოს. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ საქართველოში უკრაინის ეკლესიის რუსული ფრთის ვიზიტი. არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს გამოიწვევს გარდა იმისა, რომ საპატრიარქო ამ ეტაპზე არც განიხილავს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს და არც განიხილება, ვიდრე საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება. ეკლესიას ამოფარებული პოლიტიკური ძალები კი ცდილობენ, ეკლესიის რესურსზე დაყრდნობით მიაღწიონ გარკვეულ პოლიტიკურ ცვლილებებს, მაგრამ მათ ამ ტიპის ცვლილებების გახორციელების შესაძლებლობა არ აქვთ. ეს იმთავითვე წაგებული ომია, თუმცა შეუძლია საკმაოდ უსიამოვნო პროცესები გამოიწვიოს, მათ შორის, საზოგადოებაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ველზე ეკლესიის ღია გამოჩენა და პროცესში აქტიური ჩართულობა პრორუსული პოლიტიკური ორიენტაციის პარტიებთან ერთად თავად ეკლესიას კიდევ მეტად დააზარალებს“.
ინფორმაციისთვის: საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხს ფრთხილად ეკიდება. თემის კომენტირებისას სინოდის რიგმა წევრებმა ტომოსის შინაარსის გაცნობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება, თუმცა მას შემდეგ ორი წელი გავიდა, ხოლო საპატრიარქოს რიგმა წევრმომადგენლებმა რუსეთის მიერ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის საფრთხეზე მიანიშნეს. ამ უკანასკნელი „რისკის“ საპასუხოდ კი მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა ცალსახად განმარტა, რომ ავტოკეფალიის მინიჭების უფლება ექსკლუზიურად ეკუთვნის კონსტანტინოპოლის ეკლესიას, შესაბამისად, რუსეთი აფხაზეთის ეკლესიას დამოუკიდებლობას ვერ მიანიჭებს. ამდენად, მისი დასკვნით, განცხადებები, რომ უკრაინის ავტოკეფალიას აღიარების პასუხად რუსეთი ავტოკეფალიას აფხაზეთს მიანიჭებს, ზეწოლა და შანტაჟია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია:
„რუსეთის ეკლესიას არა აქვს უფლება ავტოკეფალია უბოძოს არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ არავის. მას არა აქვს ამის უფლება. ეს ექსკლუზიურად კონსტანტინოპოლის უფლებამოსილებაა, როგორც ამას ადასტურებს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია და ქმედება საუკუნეების განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესიამ 1970 წელს ავტოკეფალურად გამოაცხადა ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესია, მაგრამ არა ამერიკის ყველა მართლმადიდებლებისა, არა რუსულენოვანი მთელი ამერიკისა, არამედ მხოლოდ ერთი ნაწილისა. ამ გზით მოსკოვმა ამერიკის ყველაზე მდიდარი მართლმადიდებელი ნაწილი დაიქვემდებარა. 1970 წელს გამოცხადებული ეს ფსევდოავტოკეფალური ეკლესია დღემდე არავინ სცნო. მხოლოდ იგი უწოდებს თავის თავს ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას“.
მსოფლიო პატრიარქმა თქვა ისიც, რომ თავად საქართველოს პატრიარქს მიმართავს იმგვარად, როგორც ეს ილია მეორეს მიაჩნია სწორად და მსოფლიო საპატრიარქოსთვის არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში შედიან.


