"შაბათის მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდება, ჩატარდება თუ არა მორიგი დიდი აქცია"
08/06/2021 06:02:35 საზოგადოება
"რიონის ხეობის მცველი" ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ შაბათის მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია.
შაბათს, 12 ივნისს დაგეგმილია შეხვედრა ხელისუფლებასთან. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, ევროკავშირის თაოსნობით მედიაციის პროცესი იწყება.
ამჟამად "რიონის ხეობის მცველები" და მათი მხარდამჭერები 8 ადგილს აკონტროლებენ და ცდილობენ, ხეობაში კომპანია "ენკას" ტექნიკა არ შეუშვან. გოლეთიანი მხარდამჭერებს მოუწოდებს, გადაკეტილი გზების პატრულირებაში დაეხმარონ.
"ნამახვანჰესის" წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა, იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.
"რიონის მცველების" მოთხოვნებია:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია "ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.


