აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმიგრანტები მუდმივი ბინადრობის უფლებით ვეღარ ისარგებლებენ
07/06/2021 18:38:00 მსოფლიო
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მცხოვრები ათასობით იმიგრანტი მუდმივი ბინადრობის უფლებით ვეღარ ისარგებლებს. საუბარია აშშ–ში უკანონოდ შესულ მიგრანტებზე, რომლებიც დროებითი დაცვის სტატუსით (TSP) სარგებლობენ.
გადაწყვეტილება ეხება ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც სამშობლოს დატოვება ომებისა ან ბუნებრივი კატასტროფების გამო მოუწიათ.
დროებითი დაცვის სტატუსით აშშ-ში ამჟამად 12 ქვეყნიდან ჩასული 400 000 ადამიანი სარგებლობს. მათ შორის არიან სალვადორის, ჰაიტის, ნეპალის, ნიკარაგუას, სომალის, სამხრეთ სუდანის, სუდანის, სირიის, ვენესუელას და იემენის მოქალაქეები.
ამასთან, როგორც სასამართლოში განმარტეს, ვერდიქტი არ ეხება იმ პირებს, ვინც ლეგალურად ჩავიდა აშშ-ში და ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩა ქვეყანაში. სასამართლოს განცხადებით, ამ პირებს აშშ-ის მუდმივი ბინადრობის მოთხოვნის უფლება აქვთ.
დროებითი დაცვის სტატუსი ადამიანებს დეპორტაციისგან იცავს და ლეგალურად დასაქმების უფლებას აძლევს.


