
თინა ხიდაშელი: "გახარია მერაბიშვილის გვერდით დაამთავრებს"
22/07/2019 06:33:12 ციტატა
"გახარია რომ გვერდზე საკანში დაამთავრებს, სადაც წინა [შს მინისტრი] ზის, ამაში ერთი წამით ისევე არ მეპარება ეჭვი, როგორც ახლა აქ რომ ვზივარ, ამ სტუდიაში. იმიტომ, რომ ამ უსმაართლო ქვეყანაშიც კი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ასეთი მასობრივად ჩადენილი დანაშაული, თან განსაკუთრებით სისასტიკით და საჯაროდ, არ ეპატიებათ”.
ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პირველის" ეთერში 20–21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის: დღეიდან რუსთაველზე ანტისაოკუპაციო აქცია განსხვავებული ფორმატით წარიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი საზოგადოებას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ონლაინ-გადაცემებს შესთავაზებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა – 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის.
21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.