Accentnews.ge
ზახაროვა თბილისსა და "საქართველოს მფარველებს" "არაკონსტრუქციულობის" გამო აკრიტიკებს

ზახაროვა თბილისსა და "საქართველოს მფარველებს" "არაკონსტრუქციულობის" გამო აკრიტიკებს

07/06/2021 15:04:16 პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა მისი ქვეყნის მიერ "ღია ცის შესახებ" შეთანხმების დატოვების მიზეზებს განმარტავს და საქართველოს, ასევე რიგ სხვა სახელმწიფოებს "არაკონსტრუქციულობაში" ადანაშაულებს.

«ჯერ კიდევ 2012 წელს ქართულმა მხარემ შეწყვიტა რუსეთის ფედერაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრლება რუსეთის მონაწილეობით მისიების მიღების ნაწილში, საბაბად კი ასახელებდა იმას, რომ ჩვენ არ ვუშვებდით ფრენებს კავკასიაში ჩვენი სახელმწიფო საზღვრის ორი მონაკვეთის მიმდებარე 10-კილომეტრიან ზონებში. ჩვენ ხომ იქიდან ამოვდივართ, რომ შეთანხმების თანახმად, სადამკვირვებლო ფრენები ხორციელდება არანაკლებ 10 კმ-ში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებიდან, ისინი კი ამ შეთანხმების წევრები არ არიან», – წერს ზახაროვა თავის Telegram-არხში და დასძენს, რომ "აშშ აქეზებდა საქართველოსა და შეთანხმების წევრ სხვა სახელმწიფოებს, მისი პირობები დაერღვიათ".

მისივე მტკიცებით, "მოსკოვი მზად იყო, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს ფრენები დაეშვა, მაგრამ საქართველოს და მისი მფარველების არაკონსტრუქციულმა პოზიციამ შესაძლებლობათა ეს ფანჯარა დახურა».

ცნობისთვის: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „ღია ცის“ შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტას გულისხმობს.

ნატო-სა და ყოფილი ვარშავის შეთანხმების სახელმწიფოებმა დოკუმენტი 1992 წელს გააფორმეს. დოკუმენტი მის მონაწილეებს ანიჭებს უფლებას, ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კონტროლის მიზნით ერთმანეთის საჰაერო სივრცეებში სადაზვერვო შეუიარაღებელი ფრენები აწარმოონ. დოკუმენტის გაფორმების მთავარ მიზნად ღიაობის განვითარება და შეიარაღებაზე ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფა სახელდებოდა. იგულისხმებოდა, უპირველესად, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ იმ შეთანხმების შესრულების მონიტორინგი, რომელიც რუსეთმა 2015 წელს დატოვა.

2020 წლის მაისში ხსენებული საერთაშორისო შეთანხმებიდან აშშ გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ დოკუმენტის პირობების მრავალჯერადი დარღვევით ახსნა. კერძოდ, ვაშინგტონის პრეტენზიები გამოიწვია მოსკოვის მცდელობამ, შეეზღუდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზვერვო ფრენები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს და საჰაერო ხომალდების დაშვება ანექსირებული ყირიმის აეროდრომებზე.

აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ისევე, როგორც აშშ-ის არაერთი ევროპელი პარტნიორი, შტატების მიერ შეთანხმებიდან გასვლას ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა 2020 წლის ნოებერში აშშ-მა შეთანხმებიდან გასვლის პროცესი მაინც დაასრულა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მიერ შეთანხმების დატოვების განზრახვის შესახებ მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა. 19 მაისს სახელმწიფო სათათბირომ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივას "ღია ცის შესახებ" საერთაშორისო შეთანხმებიდან გასვლის შესახებ მხარი დაუჭირა. ხსენებული საერთაშორისო დოკუმენტი 35 ქვეყანას შორის სადაზვერვო საფრენი აპარატებით სამხედრო ურთიერთინსპექტირებას ითვალისწინებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S