ზაქარეიშვილი – ივანიშვილის წერილზე : „ეს ისტერიკის გამოვლინებაა“

07-06-2021 18:25:53 საშინაო პოლიტიკა ,კომენტარი

ეს ისტერიკის გამოვლინებაა,– ასე ეხმიანება „აქცენტთან“ ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური „შვებულების“ დარღვევას სათქმელად, რომ ექს–პრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობიდან გადადგომით ქვეყანას უღალატა; რომ „გახარიას პარტია მოაზრებულია მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების წასართმევად“ და რომ „ქართული ოცნება „ძლიერია, რომელსაც უყვარს ქვეყანა და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს“.

ზაქარეიშვილის დაკვირვებით კი, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წევრები შეუდგნენ ნარატივის გამყარებას (მათ შორის, სახელისუფლებო მედიის გამოყენებით), რომ გიორგი გახარიას კავშირი აქვს ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, გაჩნდა განცდა, რომ რაღაც მზადდებოდა:

„როგორც ჩანს, „ზარი ახლობელთან“ [ივანიშვილთან–რედ.] დასჭირდათ, რადგან სხვა საშუალება არ ჰქონდათ. ეს აშკარად ისტერიკის გამოვლინებაა“,– ამბობს ანალიტიკოსი და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს:

„ივანიშვილის ავტორიტეტი, მისდა სამწუხაროდ, ისედაც ეცემა, მაგრამ კიდევ უფრო დაეცემა: თითქოს სიტყვის პატივისცემას გვასწავლიდა, მაგრამ თქვა „მივდივარო“ და არ წავიდა; თქვა „მხარს არავის დავუჭერო“, მაგრამ მხარს უჭერს – მაშ შენს სიტყვას რა ფასი აქვს?! მისი ნებისმიერი სიტყვის დევალვაცია ხდება და ეს ივანიშვილის რეპუტაციისთვის სერიოზული გამოწვევაა“.

რაც შეეხება მეორე გარემოებას, ზაქარეიშვილის დაკვირვებით, ეს უკვე „ქართულ ოცნებაში“ არსებულ განწყობებს ეხება. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სწორედ სახელისუფლებო გუნდიდან სთხოვეს ივანიშვილს დახმარება, რადგან გახარიამ რეალურად „შეარყია მათი საფუძვლები, შეუქმნა რა განცდა, რომ ხმებს სახელისუფლებო გუნდიდან თავად წაიღებს, შესაბამისად, მმართველი პარტია 43%–ს [თვითმმართველობის არჩევნებზე] ვერ აიღებს და შესაძლოა, ვადამდელი არჩევნების რეალობა დააყენოს.

ინფორმაციისთვის: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, თუ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო ხმების 43%–ს ვერ მოაგროვებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი დადგება.

ზაქარეიშვილის ხედვით, ამ წინდაუხედავმა ნაბიჯმა გახარია არათუ შეასუსტა, გააძლიერა, ვინაიდან საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც სჯეროდა, რომ გახარია ივანიშვილის პროექტი იყო, ხმას მას ისედაც არ მისცემდა, ივანიშვილის წერილის შემდეგ კი შესაძლოა, მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა მოემატოს:

„ბევრს, მათ შორის, მე არ მჯერა, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია. ვფიქრობ, გახარიამ დაიჯერა, რომ ივანიშვილი დარჩა კობახიძესთან, ამიტომ თამამად მიიღო გადაწყვეტილება, რათა არ გამხდარიყო მისთვის მიუღებელი კობახიძის გუნდის მძევალი. დარწმუნებული ვარ, მელია „გულზე არ ეხატება“, მაგრამ მის დაპატიმრებას საკუთარი გუნდის მომავალს არ გადააყოლებდა. ამიტომ, თამამად წამოვიდა. ხოლო ვისაც სჯერა, რომ ის ივანიშვილის პროექტია, ხმას ისედაც არ მისცემდა. ამიტომ, გახარია არაფერს აგებს, პირიქით, ამ წერილის შემდეგ საზოგადოების რაღაც ნაწილი დაიჯერებს, „მართლა არ ყოფილა პროექტიო“ და შესაძლოა, რაღაც პროცენტი შეემატოს“.

აქვე ზაქარეიშვილი ოპოზიციური პარტიების პოზიციონირების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ანალიტიკოსის აზრით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციაში ესმოდეთ, რომ გახარიას პოლიტიკური „ჩაძირვის“ შემთხვევაში საარჩევნო ხმები „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდება და აუცილებელია, ჩამოყალიბდნენ, ვინაა მთავარი „მტერი“ – ხელისუფლებაში მყოფი ირაკლი კობახიძე თუ ოპოზიციაში გადანაცვლებული გიორგი გახარია.

ანალიტიკოსი პოლიტიკურ აქტორებს ოპოზიციიდან შეახსენებს, რომ ექს–პრემიერთან დავისთვის დრო საპარლამენტო არჩევნებზე ექნებათ:

„ივანიშვილის წერილი კარგი მომენტია, მთელი რისხვა, ისრები კობახიძის გუნდისკენ მიმართონ. ჩამოყალიბდნენ, ვინაა მთავარი მტერი – გახარია თუ კობახიძე, რომელიც ხელისუფლებაშია? კეთილი ინებონ, იბრძოლონ მის წინააღმდეგ. გახარიაც მის წინააღმდეგ იბრძვის. სულაც არაა აუცილებელი ერთი ერთიანი ფრონტის შეკვრა, მაგრამ ერთმანეთს დღეს არ უნდა ებრძოლონ და ეს არა გახარიას აღიარებას, მის გამოყენებას ნიშნავს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები