პუტინმა „ღია ცის“ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
07/06/2021 10:18:30 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „ღია ცის“ შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტას გულისხმობს.
ნატო-სა და ყოფილი ვარშავის შეთანხმების სახელმწიფოებმა დოკუმენტი 1992 წელს გააფორმეს. დოკუმენტი მის მონაწილეებს ანიჭებს უფლებას, ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კონტროლის მიზნით ერთმანეთის საჰაერო სივრცეებში სადაზვერვო შეუიარაღებელი ფრენები აწარმოონ. დოკუმენტის გაფორმების მთავარ მიზნად ღიაობის განვითარება და შეიარაღებაზე ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფა სახელდებოდა. იგულისხმებოდა, უპირველესად, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ იმ შეთანხმების შესრულების მონიტორინგი, რომელიც რუსეთმა 2015 წელს დატოვა.
2020 წლის მაისში ხსენებული საერთაშორისო შეთანხმებიდან აშშ გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ დოკუმენტის პირობების მრავალჯერადი დარღვევით ახსნა. კერძოდ, ვაშინგტონის პრეტენზიები გამოიწვია მოსკოვის მცდელობამ, შეეზღუდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზვერვო ფრენები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს და საჰაერო ხომალდების დაშვება ანექსირებული ყირიმის აეროდრომებზე.
აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ისევე, როგორც აშშ-ის არაერთი ევროპელი პარტნიორი, შტატების მიერ შეთანხმებიდან გასვლას ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა 2020 წლის ნოებერში აშშ-მა შეთანხმებიდან გასვლის პროცესი მაინც დაასრულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მიერ შეთანხმების დატოვების განზრახვის შესახებ მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა. 19 მაისს სახელმწიფო სათათბირომ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივას "ღია ცის შესახებ" საერთაშორისო შეთანხმებიდან გასვლის შესახებ მხარი დაუჭირა. ხსენებული საერთაშორისო დოკუმენტი 35 ქვეყანას შორის სადაზვერვო საფრენი აპარატებით სამხედრო ურთიერთინსპექტირებას ითვალისწინებდა.


