
"სხვა ადგილიდან, ან სხვა ფორმატით აუცილებლად ვიტყვით: "სვავო, ჩვენ დავბრუნდით!"
21/07/2019 17:20:44 სხვა, საზოგადოება
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიამ თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ "სხვა ადგილიდან, ან სხვა ფორმატით აუცილებლად იტყვიან: "სვავო, ჩვენ დავბრუნდით!"
ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში აცხადებს.
„რა უნდა გავაკეთოთოთ? ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწორი პოზიცია შევინარჩუნოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა ვერ წაიღოს. მე და ჩემმა გუნდმა გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ მხოლოდ გასაფორმებელი იყო ამ კაცის წასვლა. ამ ტელევიზიის წართმევა ზუსტად ამი წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ეს კომპანია იყო პირველი მცველი და გუშაგი რუსეთის აქ ბოლომდე ინფილტრაციის გზაზე და ასეთი გუშაგები უნდა დარჩნენ“, - ამბობს ნიკა გვარამია, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ „რუსთავი 2“ „წაიღეს რუსებმა“.
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის თქმით, მას შეუძლია მშვიდად გააგრძელოს სხვაგან ცხოვრება, მაგრამ არ აპირებს უარი თქვას შვიდი წლის წინ აღებულ პასუხისმგებლობასა და ფუნქციაზე, დაიცვას სამშობლო.
„რუსთავი 2“ იყო მხოლოდ ირაღი ჩვენს ხელში, იარაღი ქვეყნის დასაცავად. როცა გვართმევენ ერთ იარაღს უნდა მოვიმარჯვოთ მეორე. მოკლედ, საქმე მებრძოლებში და ბრძოლაშია და არა იარაღში! იარაღი მნიშვნელოვანია ძალიან, მაგრამ იარაღი შეცვლადია. ნებისმიერ ვითარებაში, როგორიც უნდა იყოს სიტუაციის სირთულე, ყოველ მიზეზ გარეშე, აუცილებლად, ჩვენ უნდა მოვიგონოთ სხვა იარაღი, რომელსაც მოვიმარჯვებთ, რომელსაც საქართველოს საქმეს მოვახმართ. ჩვენი გამარჯვება, მხოლოდ ჩვენი გონიერების, შრომის, მოხერხებულობის, თავდადების და თანმიმდევრულობის საქმეა. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მეც მაქვს და მგონია, რომ ეს ყველაფერი იმ ადამიანებსაც აქვთ, ვისიც მეიმედება ამ ბრძოლაში. ვინ არიან ეს ადამიანები? ამაზე ჯერ არ ვილაპარაკებ. როგორი იქნება ეს იარაღი? ასევე არ ვილაპარაკებ ჯერ, მაგრამ იქნება ნიკა გვარამია, იქნებიან მისი მეგორბრები, იქნება ახალი იარაღი და, რაც მთავარია, იქნება ის იდეები, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებოდით და იქნება პროფესიონალიზმი, რომლითაც ჩვენ ამ იდეებს ვემსახურებოდით. ასე რომ ყველაფერი წინაა. ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. მოკლეს „რუსთავი 2“, მაგრამ არ მოუკლავთ ქვეყანა, არ მოვუკლივართ ჩვენ და ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. სხვა ადგილიდან ან სხვა ფორმატით და აუცილებლად ვიტყვით, ... სვავო ჩვენ დავბრუნდით!“, - ამბობს ნიკა გვარამია ვიდეო-მიმართვაში.
ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში აცხადებს, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას ეხება.