
"ბელავია" საქართველოში პირდაპირი რეისების რაოდენობას თითქმის აორმაგებს
04/06/2021 15:18:31 პოლიტიკა
ბელორუსული ავიაკომპანია "ბელავია" საქართველოში პირდაპირი რეისების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.
«15 ივნისიდან ბათუმისკენ რეისების რაოდენობა კვირაში 7-დან 14-მდე გაიზრდება. «ბელავია» საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. გარდა ამისა, 15 ივნისიდანვე გაიზრდება ფრენების სიხშირე თბილისის მიმართულებით: კვირაში 7-ის ნაცვლად 11 რეისი შესრულდება. ფრენის დღეებს დაემატება სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი და კვირა», – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
მისივე ინფორმაციით, ავიაკომპანიამ მიიღო მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის მიმართულებით კვირაში 5-ჯერ ფრენის უფლება, 12 ივნისიდან კი დაიწყებს კვირაში 10-ის ნაცვლად 14 რეისის განხორციელებას სტამბოლის მიმართულებით14.
ცნობისთვის: დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი 5 ივნისის 00:00 სთ-დან ბელორუსულ ავიაკომპანიებს მის ტერიტორიაზე ფრენების განხორციელებას უკრძალავს. ეს გადაწყვეტილება დღეს ფორმალურად ბელარუსში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მიიღეს.
"ბელავია" უკვე კვირაზე მეტია, აღარ ასრულებს რეისებს ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით. კავშირის წევრთა უმეტესმა ნაწილმა კომპანიის ავიარეისები აკრძალა.
თავად ევროპული ავიაკომპანიებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეს გვერდს უვლიან. შესაბამისი რეკომენდაცია ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების სამიტმა გასცა. ევროპის საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციამ 2 ივნისს ბელარუსის თავზე ფრენის აკრძალვა დააწესა.