
შსს: "იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა"
21/07/2019 16:04:01 სხვა, სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იულია სუსლიაკის გატაცების შესახებ და აცხადებს, რომ მას საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა.
"უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის „დ“ და „თ“ საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების , სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს, ასევე პირი არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ვახტანგისი”-ს გავლით გაბრუნებულ იქნა აზერბაიჯანის მიმართულებით", – აცხადებენ შსს–ში.
შეგახსენებთ, რომ დღეს იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა, რომ სუსლიაკი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოში მატარებლით შემოვიდა, გარდაბნის ტერიტორიაზე ვაგონიდან გაიტაცეს, ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ კი აზერბაიჯანში გადაიყვანეს.
იხილეთ ასევე: ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი გაათავისუფლეს