ყოფილმა პოლიციელმა პოპკოვმა, რომელსაც 81 ადამიანის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, კიდევ 2 პირის მკვლელობა აღიარა
04/06/2021 10:36:55 მსოფლიო
რუსეთში ყოფილმა პოლიციელმა მიხაილ პოპკოვმა, რომელსაც 81 ადამიანის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, კიდევ 2 პირის მკვლელობა აღიარა.
ანგარსკის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – 2 ქალის მკვლელობისთვის 9 წლითა და 8 თვით პატიმრობის შეფარდება პოპკოვისთვის რიგით მესამე საპატიმრო ვადაა. კერძოდ, პირველი სამუდამო პატიმრობა მას 2015 წლის იანვარში 22 ადამიანის მკვლელობისთვის მიესაჯა. 2018 წლის დეკემბერში კი მას კიდევ 59 ადამიანის მკვლელობისთვის მეორე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
2021 წლის ივნისის მდგომარეობით, სასამართლოს მიერ ის დამნაშავედაა ცნობილი 83 ადამიანის მკვლელობასა და 3 მკვლელობის მცდელობაში.
პოპკოვი 2012 წელს ვლადივასტოკში დააკავეს. ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პოპკოვი შეურაცხადი არ არის, თუმცა მკვლელობები ჰომოციდომანიის გამო ჩაიდინა, რაც მკვლელობებისადმი პათოლოგიურ მიდრეკილებას ნიშნავს.


