
ხალვაშმა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს უარი განუცხადა
21/07/2019 14:37:40 სხვა, საზოგადოება
ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე არხის ჟურნალისტებს უარი განუცხადა.
ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პატა სალიამ განაცხადა.
ხალვაში ასევე უარზეა, გაფორმდეს რაიმე სახის დოკუმენტი, სადაც არხის ახალი მფლობელი აიღებს ვალდებულებას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. პაატა სალია აძლევს სიტყვას ჟურნალისტებს, რომ არ მოხდება ჩარევა საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების კონტენტში და ჟურნალისტები მას სიტყვაზე უნდა ენდონ.
„წერილობითი გარანტია არ არსებობს და არ არსებობს განსაკუთრებითი იმ ფორმით რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული. ეს ვერ იქნება გარანტია იქიდან გამომდინარე, რომ იგივე სიტყვები რაც იმ პუნქტში წერია, რომ შეიძლება მაღალრეიტინგული გადაცემის რეიტინგის შემცირება გამოიწვიოს და ა.შ. რეიტინგის შემცირება შეიძლება ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული და მერე ამას შეიძლება 1000 ინტერპრეტაცია მიეცეს. არ არის ეს ის ფორმა, რომელიც ჩვენს შორის უნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება, გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი, რომ თუ რაიმე სიმპტომი იქნება, რომ ვიღაც ცდილობს ჩარევას და ა.შ. ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ", – განაცხადა სალიამ.
ცნობისთვის: 19 ივლისს „რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა არხის ახალ მფლობელსა და დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის გარანტიები მოსთხოვეს და შესთავაზეს: შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება; დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე; ახალმა მენეჯმენტმა ოფიციალურად აიღოს ვალდებულება, რომ არ შეცვალოს მაღალრეიტინგული გადაცემების წამყვანები, რომლებიც „საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნიან“.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა.