სერგეენკო – ნინოწმინდის პანსიონზე: "მონიტორინგის შესაძლებლობა უპირობოდ უნდა იყოს დაცული"
04/06/2021 08:51:49 საზოგადოება
ჯანდაცვის ექს–მინისტრი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო წესები ყველგან, მათ შორის, სასულიერო დაწესებულებაშიც უპირობოდ უნდა იყოს დაცული.
“საერთაშორისო და ადგილობრივი წესები ბავშვთა ზრუნვის, მათ შორის, მონიტორინგის შესაძლებლობაც ყველგან უპირობოდ უნდა იყოს დაცული. არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო, სასულიერო თუ საერო დაწესებულებაა. საბედნიეროდ, დღეს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტების დიდი ჯგუფია მონიტორინგზე შესული და ისინი ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. ჩემი აზრით, ეს ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო", – აცხადებს სერგეენკო.
ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან.
ცნობისთვის: გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. მანამდე, ბოლო რამდენიმე წელია, გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. სახალხო დამცველს ამ დრომდე არ აძლევენ უფლებას, რომ პანსიონატში შევიდეს. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ არშეშვების ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.


