Accentnews.ge
დავით დვალი ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებას ასაჯაროებს

დავით დვალი ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებას ასაჯაროებს

21/07/2019 14:20:57 სხვა, სამართალი

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელი დავით დვალი თავდაცვის ექს–მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების ეპიზოდს ასაჯაროებს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლას ეხება. 

დავით დვალის ინფორმაციით, ჩვენება ოქრუაშვილმა პროკურატურას 2014 წლის 1 აპრილს მისცა.

კერძოდ, დვალის მიერ გასაჯაროებული ჩვენების ეპიზოდში აღნიშნულია, რომ 2004 წლის აპრილში ან მაისში სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა დახურული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ძალოვანი უწყებების იმჟამინდელი ხელმძღვანელები ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი.

„შეხვედრა ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს, მათ შორის სატელევიზიო კომპანიებს, პრეზიდენტის აზრით, შესაძლოა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველი გამხდარიყო, ამისთვის, სააკაშვილისგან მივიღეთ დავალება, დაგვეწყო მოლაპარაკებები დამფუძნებლებთან წილთა გასხვისების შესახებ. მისი განმარტებით, ის უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ერასტი კიწმარიშვილთან. დვალათან და აქიმიძესთან მე მქონდა დაძაბული ურთიერთობა და შესაბამისად, მოლაპარაკება დაევალათ ადეიშვილს და მერაბიშვილს“, - აღნიშნულია დავით დვალის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

ჩვენების მიხედვით, სააკაშვილის მითითებით, მფლობელების დაყოლიების შემდეგ, წილები უნდა გაფორმებულიყო საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენზე.

„დასასრულს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მალე, ინფორმაცია ცნობილი არ უნდა გამხდარიყო ფართო მასებისთვის. ჩემი ინფორმაციით, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე, ისე რომ, მათთან მოლაპარაკების პროცესი გაიწელა რამდენიმე კვირის მანძილზე. ერთ-ერთ შეხვედრაზე ადეიშვილმა და მერაბიშვილმა მითხრეს, რომ აქიმიძე და დვალი წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ. მათი განმარტებით, საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის ეიძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერხების გამოყენებას აპირებდნენ ჩემთვის არ უთქვამთ… ივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა. აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს-ს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნეს საქმიანობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა.

კითხვა: რა შეგიძლიათ თქვათ გაკოტრების საქმის შესახებ ?

პასუხი: როგორც ავღნიშნე, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე. ამისთვის, ადეიშვილს და მერაბიშვილს სჭირდებოდათ გარკვეული მექანიზმები მათ დასაყოლიებლად. ჩემი ინფორმაციით, რუსთავი 2-ის გაკოტრების საქმე ერასტიმ წამოიწყო ადეიშვილის მითითებით და ეს დამატებითი ბერკეტი იყო დამფუძნებლებისთვის წილების დასათმობად“, - აღნიშნულია ჩვენებაში, რომლის თანახმად, ოქრუაშვილმა ვერ გაიხსენა, თუ როგორ და რა ფორმით მოხდა თანხის გადახდა აქიმიძისა და დვალისათვის.

ცნობისთვის: 20 ივლისის "შაბათის კურიერში" ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ის პირადად შეუთანხმდა დვალს და აქიმიძეს სამაუწყებლო კომპანიის წილების გაყიდვის თაობაზე და ქიბარ ხალვაში მხოლოდ ნომინალური ფიგურა იყო ამ მოლაპარაკებებში.

დვალმა და აქიმიძემ, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ ტელეკომპანიის დათმობის იძულებაში, ტელევიზიის 60 %–იანი წილის დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლა 2012 წელის დეკემბერში დაიწყეს. მათ მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეტანილი საჩივრის საფუძველზე, გამოძიება მაშინ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

დავით დვალმა პროკურატურას თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკითხვა კიდევ ერთხელ სოციალური ქსელის მეშვეობით ოქრუაშვილის ბოლო განცხადებების შემდეგ მოთხოვა.


ამასთან, 2017 წელს ქიბარ ხალვაში აცხადებდა აქიმიძესთან და დვალთან შეთანხმებაზე, რომ თუ ხალვაში "რუსთავი 2"-ის დავას მოიგებდა, წილის 50%-ს აქიმიძესა და დვალს დაუბრუნებდა, არხის გენერალურ დირექტორად კი დვალს დანიშნავდა.

შეთანხმება ასევე ეხებოდა არხის კრიტიკულ და ობიექტურ სარედაქციო პოლიტიკას.

დავის მოგების შემდეგ ხალვაშმა კომპანიაში დირექტორად მისი ადვოკატი დანიშნა.

სასამართლოში აქვს შეტანილი სარჩელი ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც "რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღებას ითხოვს და აცხადებს, რომ კომპანიის 100% მას ეკუთვნის, და არა ქიბარ ხალვაშს.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.მასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S