შუქრუთელმა დემონსტრანტებმა სასმელი წყლის მიღებაზეც უარი განაცხადეს
04/06/2021 08:28:45 საზოგადოება
პროტესტის 25-ე დღეს შუქრუთელები მშრალ შიმშილობაზე გადადიან და წყლის მიღებაზე უარს აცხადებენ. ისინი პროტესტს ამერიკის საელჩოსთან აგრძელებენ.
დაზარალებულები "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებასაც პასუხობენ და ამბობენ, რომ კომპანიის მხრიდან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის მიმართვა ცალმხრივი და არაკანონიერია.
"მშრალ შიმშილობაზე გადავდივართ, სანამ ოფიციალურად არ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები. ვერავინ ვერავის ვერ დაუკვეთავს ჩვენ ქონებაზე ექპსერტიზას ჩვენი, აქციის მონაწილეების ჩართულობის გარეშე, თუ არ გაფორმდა სამმხრივი შეთანხმება", - განაცხადა მოშიმშილე გიორგი ნეფარიძემ.
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე 100 დღეზე მეტია, ყურადღებასა და საკუთრების უფლების დაცვას ითხოვენ. აქციაში მონაწილე შუქრუთელების ნაწილმა პირი ამოიკერა და ამ გზით მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას.
მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლება და შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ინგრევა, ან უკვე დაინგრა.
30 მაისს შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან დაბანაკდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ელჩ კელი დეგნანს მიმართავენ, დაეხმაროს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ხმის მიწვდენაში.
თბილისში აქციის პარალელურად 31 მაისს "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, სამხარაულის ბიუროს შეაფასებინოს შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალი და აუნაზღაუროს მოსახლეობას შესაბამისი თანხით.


