"ვხედავთ კიბერ–შეტევების ახალ ფრონტს. რუსეთი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ ეს აღარ გაგრძელდეს"
04/06/2021 06:04:52 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ რუსეთი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ კიბერ–შეტევები აღარ გაგრძელდეს".
"იცით, რომ ცოტა ხნის წინ შევხვდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. ამ შეხვედრის შემდეგ მე მასთან კონტაქტი არ მქონია. სადღეისოდ ვხედავთ კიბერ–შეტევების ახალ ფრონტს. ამ საქმიანობას ეწევიან კრიმინალური ორგანიზაციები, რომელთა ლიდერებიც სხვადასხვა ადგილას არიან განთავსებულები. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ქვეყნის ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ჰაკერული დაჯგუფებები იპოვოს და პასუხი აგებინოს. ასე უნდა მოხდეს აშშ-ში მდებარე ნავთობსადენის ოპერატორ კომპანია „Colonial Pipeline“–ზე კიბერ–შეტევის გამოც. კიბერ–იერიში რუსეთიდან განხორციელდა და ჰაკერები ამ დრომდე რუსეთში იმყოფებიან. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ ეს აღარ გაგრძელდეს", – განაცხადა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, რომ კიბერ–შეტევის გამო „Colonial Pipeline“–მა მაისში რამდენიმე დღით შეწყვიტა მუშაობა, რის გამოც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე რამდენიმე შტატში საწვავის დეფიციტი შეიქმნა. გუშინ აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსული კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება REvil -ი დგას.


