Accentnews.ge
"ანაფორა იმუნიტეტი არ არის", "დავასრულოთ ბავშვების ტყვეობა" - პროკურატურასთან  აქცია იმართება

"ანაფორა იმუნიტეტი არ არის", "დავასრულოთ ბავშვების ტყვეობა" - პროკურატურასთან  აქცია იმართება

03/06/2021 14:47:22 საზოგადოება

"სად არიან ბავშვები", "ანაფორა იმუნიტეტი არ არის", "დავასრულოთ ბავშვების ტყვეობა", - ამ ლოზუნგებით საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ბავშვთა უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ.

დემონსტრანტები ითხოვენ სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტის უზრუნველყოფას ნინოწმინდის პანსიონატში.

აქციის ინიციატორი მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარიაა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას განაგრძობს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის უწყების ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის სამ და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე.

დღეს საპატრიარქომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, გაასაჯაროვოს საქმეები, რომლებზეც სახალხო დამცველმა ისაუბრა.

„სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას.”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. სახალხო დამცველს ამ დრომდე არ აძლევენ უფლებას, რომ პანსიონატში შევიდეს. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ არშეშვების ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S