“ობიექტივი” ციხის კადრების ჩვენებისთვის 2500 ლარით დააჯარიმეს
03/06/2021 14:15:25 საზოგადოება
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედიაკავშირი “ობიექტივი” ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი გადაცემის განთავსებისთვის 2 500 ლარით დააჯარიმა.
კომისიის ცნობით, საქმე ეხება 23 აპრილს გასულ გადაცემა “სტუდია N8”-ს, რომელშიც ნაჩვენები იყო ადამიანების წამებისა და გაუპატიურების კადრები.
“გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული გადაცემა ეთერში 23:00-23:05 დროის პერიოდში გავიდა, ტელეკომპანიამ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვით, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი და ძალადობის ამსახველი სცენების ახლო ხედით ჩვენება მაუწყებელს 6 საათიდან 24 საათამდე ეკრძალება. საქართველოს კანონმდებლობა მაუწყებლებს ავალდებულებს, დაიცვან გადაცემების კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და გადაცემები სამაუწყებლო ბადეში კანონით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად განათავსონ”,– ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.


