
ცვლილებების მოლოდინი ისრაელის მთავრობაში და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები
03/06/2021 12:45:37 ანალიზი
ისრაელის ოპოზიციურმა პარტიებმა კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნულის თაობაზე პარტია „იეშ ატიდი“ (არის მომავალი) ლიდერმა იაირ ლაპიდმა პრეზიდენტ რუვენ რივლინს უკვე ამცნო.
კოალიციის წევრები ისრაელის პოლიტიკის სრულ სპექტრს მოიცავს. ეს პარტიებია:
- ლაპიდის „მომავლის პარტია“ (იეშ ატიდი) ცენტრისტული პოლიტიკური ძალა, რომელმაც, არჩევნების შედეგად ისრაელის პარლამენტში 17 ადგილი მოიპოვა;
- ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ (კახოლ-ლავანი), რომელსაც 8 ადგილი ეკუთვნის;
- პარტია „ისრაელი - ჩვენი სახლი " - ლიდერი ავიგდორ ლიბერმანი (7 მანდატი);
- მერავ მიქაელის „ლეიბორისტული პარტია“ (7 მანდატი);
- „იამინა“, რომლის ლიდერია ნაფტალი ბენეტი და რომელმაც პარლამენტში 7 ადგილი მოიპოვა;
- გიდეონ საარის პარტია „ახალი იმედი“ (6 მანდატი);
- ნიცან ჰოროვიცის პარტია „მერეცი“ (6 მანდატი);
- ისრაელ არაბთა პარტია „არაბთა გაერთიანებული სია“ (4 მანდატი) რომლის ლიდერია მანსურ აბასი.
ხსენებული პარტიების პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, ერთადერთი რაც მათ აერთიანებთ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეცვლის გეგმაა.
ახალმა მთავრობამ ფიცის დადებამდე პარლამენტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. თუ კოალიცია 120–კაციან პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, არსებობს რისკი, რომ ქვეყანაში, ბოლო ორი წლის განმავლობაში მეხუთე არჩევნები ჩატარდება. მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში კი ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს 12–წლიანი ეპოქა დასრულდება.
მემარჯვენე-მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობა
იაირ ლაპიდის "იეშ ატიდი" ცენტრისტული პოლიტიკური ძალაა. თავად ლაპიდი ყოფილი ჟურნალისტია. პარტია 2015 წლის შემდეგ ოპოზიციაშია და საშუალო ფენის სეკულარულ ამომრჩეველთა შორისაა პოპულარული. ლაპიდი ნეთანიაჰუს ხშირად აკრიტიკებდა "ულტრაორთოდოქს პარტიებთან მჭიდრო კონტაქტისთვის".
ახალ კოალიციაში შემავალი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის „ისრაელი - ჩვენი სახლი" ლაიცისტურ-ნაციონალისტური პარტიაა. ამასთან, პარტია "მერეცის" ლიდერი ნიცან ჰოროვიცი მემარცხენეა, ხოლო ულტრანაციონალისტური პარტია „იამინა“ – მემარჯვენე. ამრიგად, ისრაელის მომავალი კოალიცია, თუ ის ამგვარად შეიქმნა, სამ ძალას - მემარჯვენეებს, მემარცხენეებსა და ცენტრისტებს გააერთიანებს.
ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე პარტია „იამინას“ ლიდერი ნაფტალი ბენეტი გახდება, ორი წლის შემდეგ კი თანამდებობას იაირ ლაპიდს დაუთმობს.
ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელმაც შესაძლოა, ნეთანიაჰუ შეცვალოს
მულტიმილიონერმა ნაფტალი ბენეტმა, რომელიც ყოფილი მეწარმეა, პოლიტიკაში მკაცრი რელიგიურ-ნაციონალისტური რიტორიკით გაითქვა სახელი.
მან 2005 წელს 145 მილიონ დოლარად გაყიდა თავისი ბიზნესი და პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განაცხადა. 2006 წელს იგი იყო ნეთანიაჰუს საარჩევნო შტაბის უფროსი (ნეთანიაჰუ მაშინ ოპოზიციაში იყო). 2010 წელს ბენეტი გახდა "იეშას" საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე ებრაელ ჩასახლებებს ლობირებს. პოლიტიკოსი პალესტინელების მიმართ მკაცრი რიტორიკით გამოირჩევა. 2013 წელს მან თქვა, რომ "პალესტინელი ტერორისტები უნდა მოკლან და არ გაათავისუფლონ". მისივე თქმით, "დასავლეთი სანაპირო არასოდეს ყოფილა პალესტინის სახელმწიფო". მისი პარტია ისრაელს დასავლეთ სანაპიროს ნაწილების ანექსიისკენ მოუწოდებს. იგი ეკონომიკის მიმართ ულტრალიბერალური და ხოლო ირანის მიმართ უფრო მკაცრი მიდგომების მომხრეა.
ბენეტი სხვადასხვა პერიოდში ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკისა და განათლების მინისტრების თანამდებობას იკავებდა.
კრიტიკოსები 49 წლის ბენეტს ნაციონალისტ ამომრჩეველთა ღალატში ადანაშაულებენ, "რადგან იგი კოალიციურ მთავრობაშია მემარცხენე "მერეცთან" და ისრაელ არაბთა პარტიასთან".
საპასუხოდ ბენეტი აცხადებს, რომ დათანხმდა კოალიციური მთავრობის შექმნას, რადგან "ისრაელში მმართველობა აღდგეს და ქვეყანამ 2 წელიწადში რიგით მე–5 არჩევნების ჩატარება აიცილოს თავიდან".
ლიპიდთან მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში მან ძველ ებრაელთა ისტორია გაიხსენა და შემდეგი განაცხადა:
”ორი ათასი წლის წინ არსებობდა ებრაული სახელმწიფო, რომელიც აქ შიდა დაპირისპირების გამო დაეცა. ეს აღარ განმეორდება".
რამდენად მტკიცე იქნება კოალიციური მთავრობა
საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი "აქცენტთან" საუბრისას აცხადებს, რომ კოალიციის მდგრადობას დრო გვიჩვენებს.
„კოალიციური მთავრობა ისრაელისთვის იმითაა მნიშვნელოვანი, რომ დასრულდება ნეთანიაჰუს მრავალწლიანი მმართველობა და დაიწყება ცვლილებები. ახალ კოალიციაში რეკორდულად ბევრი – 8 პარტია იქნება წარმოდგენილი. ამასთან, კოალიციაში პირველად იქნება წარმოდგენილი არაბული პარტია და ამ მხრივაც გამორჩეული მთავრობა იქნება. ახალი მთავრობის ფორმირებით იმედია, დასრულდება ის დიდი საარჩევნო მარათონი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ისრაელში, როდესაც 4 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ერთმანეთის მიყოლებით. დრო გვიჩვენებს, რამდენად მდგრადი იქნება იგი“, – აცხადებს ბატიაშვილი.
რაც შეეხება ისრაელში გაჟღერებულ მოსაზრებას, რომლის თანახმად, კოალიცია რადიკალურ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, იქიდან გამომდინარე, რომ იგი არაბულ პარტიასაც მოიცავს, ბატიაშვილი აცხადებს, რომ „ამ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს“.
საქართველოს მოლოდინები
ბატიაშვილი ისრაელ–საქართველოს სამომავლო ურთიერთობებში რადიკალურ ცვლილებებს არ პროგნოზირებს.
„საქართველოსთვის არ მგონია, რომ ძალიან შეიცვალოს სიტუაცია. საქართველოსა და ისრაელს ძალზედ დადებითი, საუკუნოვანი ძმური ურთიერთობები აკავშირებთ ერთმანეთთან. დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობები გაგრძელდება და განვითარდება“, – დასძენს ბატიაშვილი.