საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
03/06/2021 12:39:55 საზოგადოება
საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გაასაჯაროვოს საქმეები, რომლებზეც სახალხო დამცველმა გუშინ ისაუბრა.
„სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას.”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას განაგრძობს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის უწყების ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის სამ და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე.
ცნობისთვის: გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. სახალხო დამცველს ამ დრომდე არ აძლევენ უფლებას, რომ პანსიონატში შევიდეს. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ არშეშვების ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.


