მეუფე ნიკოლოზი – პანსიონზე: "თუ კანონს ვარღვევთ, მოგვთხოვოს სახელმწიფომ პასუხი"
03/06/2021 11:42:43 საზოგადოება
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ნონოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "თუ კანონს არღვევენ, სახელმწიფომ პასუხი მოსთხოვოს".
"თუ კანონს ვარღვევთ, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის დარღვევაზე მოგვთხოვოს სახელმწიფომ პასუხი. არ არის ასე? ხომ არ ვიჩხუბებთ ფიზიკურად?! ყველას აქვს უფლება [დაარღვიოს კანონი], ოღონდ მერე უნდა ვაგოთ კანონის წინაშე პასუხი... ყველა მოქალაქეს, სახელმწიფოში ვინც ცხოვრობს, შეუძლია დაარღვიოს კანონი, ოღონდ ამ კანონის წინაშე მერე სახელმწიფომ უნდა აგებინოს პასუხი, ასე არ არის? ვინმეს აუკრძალეს დანაშაულის ჩადენა? ჩადიან დანაშაულებს, ოღონდ მერე უნდა მოსთხოვონ პასუხი. თუ მე ჩავიდინე რაიმე დანაშაული, მომთხოვოს სახელმწიფომ პასუხი და მაგებინოს", – აცხადებს მიტროპოლიტი "ფორმულას" ეთერში
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას განაგრძობს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის უწყების ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის სამ და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე.
ცნობისთვის: გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. სახალხო დამცველს ამ დრომდე არ აძლევენ უფლებას, რომ პანსიონატში შევიდეს. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ არშეშვების ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.


