
გერმანიამ რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე გაუხსნა
03/06/2021 06:02:33 მსოფლიო
გერმანიამ საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებს კვლავ გაუხსნა. მათთვის გერმანიის საჰაერო სივრცე 2 ივნისს მას შემდეგ დაიხურა, რაც რუსეთმა გერმანულ ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ დროულად არ მისცა ნებართვა ივნისის რეისების შესასრულებლად. ავიაკომპანია იძულებული გახდა გაეუქმებინა ფრანკფურტი-მოსკოვის და ფრანკფურტი-სანკტ-პეტერბურგის რეისები. მას შემდეგ, რაც რუსეთმა „ლუფთჰანზას“ ფრენის ნებართვა მისცა, გერმანიამ საჰაერო სივრცე გაუხსნა რუსულ ავიაკომპანიებს, „აეროფლოტს“ და S7-ს.
„ლუფთჰანზამ“ რუსეთის მიმართულებით ავიარეისები ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით უნდა შეასრულოს.
მსოფლიოს არაერთმა ავიაკომპანიამ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც 23 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ ბორტზე ბომბის არსებობის შეტყობინების საბაბით მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ხომალდის ბორტზე იმყოფებოდა ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პროტასევიჩი. შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს.