"სენატორების მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ კონგრესში აპროპრეაციისა და თავდაცვის ავტორიზაციის აქტების განხილვა იწყება"
03/06/2021 05:44:54 პოლიტიკა
აშშ–ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ შეერტებული შტატების კონგრესში იწყება როგორც აპროპრეაციის, ისე თავდაცვის ავტორიზაციის აქტების განხილვა.
მისივე თქმით, სენატორების ვიზიტი არის აშშ-ის მხრიდან საქართველოს ძალიან მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინება
"ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ამერიკელი სენატორები, შაჰინი და პორტმანი არიან მტკიცე მხარდამჭერები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის. ჩვენთვის დღესდღეობით, არსებული გამოწვევების ფონზე, რაც უკავშირდება რეგიონში გართულებულ ვითარებას, რაც უკავშირდება პოსტპანდემიურ ეკონომიკურ გაჯანსაღებას, ამ თვალსაზრისით მათი მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, გათვალისწინებით იმ ფაქტისა, რომ აშშ-ის კონგრესში იწყება როგორც აპროპრეაციის, ასევე თავდაცვის ავტორიზაციის აქტების განხილვა და ამ თვალსაზრისით მათთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებისგან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის: ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში 2 ივნისს ჩამოვიდნენ. აშშ–ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია გააჟღერებს ორპარტიულ გზავნილს, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად. სენატორების ვიზიტი 4 ივნისს დასრულდება.
იხილეთ ასევე: რა გზავნილები აქვთ ამერიკელ სენატორებს და ვის შეხვდებიან ისინი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში


