რა გზავნილები აქვთ ამერიკელ სენატორებს და ვის შეხვდებიან ისინი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში
28/05/2021 13:59:04 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის საელჩოს ცნობით, მომავალ კვირას თბილისს ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ეწვევიან.
"სენატორები ქვეყანაში ჩამოვლენ, რათა გააჟღერონ ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად", - ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისივე ცნობით, საქართველოში ვიზიტამდე ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი შემდეგ მესიჯებს გზავნიან:
ჯინ შაჰინი – "აშშ სურს, ხელი შეუწყოს საქართველოსა და უკრაინას, რათა ნატო–სა და ევროკავშირში მათი გაწევრიანება რეალობა იქცეს"
”უკრაინა და საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, რომლებიც მზარდი რუსული აგრესიის წინაშე დგანან და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ორივე ქვეყნის მოქალაქეებს და მოვუწოდოთ პოლიტიკურ ლიდერებს განაგრძონ საჭირო რეფორმები, რაც გააძლიერებს მათ დემოკრატიებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. აშშ სურს, შეასრულოს მხარდამჭერი როლი ნატო–სა და ევროკავშირში მათი გაწევრიანების რეალობად ქცევაში. ეს ორპარტიული ვიზიტი აგზავნის მესიჯს, რომ შეერთებული შტატები მზად არის აღადგინოს ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და დაადასტუროს აშშ-ის გლობალური ლიდერობა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისთვის", –განაცხადა შაჰინმა.
რობ პორტმანი – "საქართველო და უკრაინა ცდილობენ, განახორციელონ კრიტიკული საშინაო რეფორმები, რაც ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერის გასაღებია"
"მოუთმენლად ველი შეხვედრების გამართვას უკრაინისა და საქართველოს მაღალჩინოსნებთან და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს ერთგულებას სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ორივე ეს ქვეყანა განიცდის მწვავე გამოწვევებს რუსეთის მხრიდან და ცდილობს, განახორციელოს კრიტიკული საშინაო რეფორმები, რაც ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერის გასაღებია", –აცახადებს პორტმანი.
საელჩოს ცნობით, "საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სენატორები შეხვდებიან ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ამასთან, ისინი შეხვედრებს გამართავენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან, რომლებიც პარლამენტის წევრები არიან".
მისივე ინფორმაციით, ვიზიტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.


