
დავით დვალი პროკურატურას მოუწოდებს, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით დაინტერესდეს
20/07/2019 11:27:40 სხვა, საზოგადოება
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი პროკურატურას მოუწოდებს, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით დაინტერესდეს.
დვალი მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილის განცხადებით მტკიცდება, რომ დვალს და და ტელეკომპანიის კიდევ ერთ დამფუძნებელს ჯარჯი აქიმიძეს ტელევიზია სახელმწიფომ წაართვა.
“საქართველოს პროკურატურა – ეს ოქრო კაცი თავისი პირით იძახის – მეო, სახელმწიფო მოხელემო, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა დავითრიე ტელევიზიაო და მეტი რა მტკიცებულება გინდათ, რომ სახელმწიფომ წაგვართვა "რუსთავი 2” – წერს დვალი.
ცნობისთვის: ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს დილით საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ “რუსთავი 2” არა ქიბარ ხალვაშს, არამედ მას ეკუთვნის და ხალვაში მხოლოდ ნომინალური ფიგურა იყო რეალურად კი ტელეკომპანიის წილები თავად იყიდა:
„რუსთავი 2" ყოველთვის იყო ჩემი და ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა, ხელის ბიჭი და ფიგარო, გასაქცევად აქეთ-იქით“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
ცნობისთვის: ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ყოველთვის ნომინალური ფიგურა იყო და წარმოადგენდა სხვას, მოცემულ შემთხვევაში კი მას, შესაბამისად "რუსთავი 2"–ის წილების მფლობელიც თავად იყო და ეს დოკუმენტურად დასტურდება.
ამასთან, როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, გეგმავს "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტებთან შეხვედრას და სადავო წილების არხის ჟურნალისტებზე გადაფორმებას, თუ ისინი მზაობას გამოთქვამენ.
"მე ძალიან კარგად მესმის, რა მნიშვნელობა აქვს იმ ფორმატით არსებობდა, როგორც ახლა არსებობს თავისუფალი სიტყვისთვის... ვაპირებ, რომ ჩემი მოთხოვნის 80% [არხის წილები] გადავცე 10–მდე დამოუკიდებელ, მებრძოლ ჟურალისტს უსასყიდლოდ და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან. ხვალ ჟურმალისტებს შევხვდები. დაახლოებითი მონახაზი მაქვს და შევთავაზებ პირობებს",– განაცხადა ოქრუაშვილმა.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ არ დაობდა ოქრუაშვილი ამ დრომდე, ამას პოლიტილოსი იურიდიული საკითხით ხსნის. კერძოდ, მისი თქმით, დავის წამოსაწყებად საჭირო იყო, რომ არხი ოფიციალურად გადაფორმებულიყო ქიბარ ხალვაშზე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს. სარჩელი სასამართლოში 22 ივლისს შევა. ოქრუაშვილის თქმით, არხი რეალურად მისი საკუთრება იყო, ქიბარ ხალაში კი უბრალოდ ოქრუაშვილს წარმოადგენდა და არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტიც, რომელსაც ხალვაში აწერს ხელს. თავად ხალვაშის იურისტი ირწმუნება, რომ დოკუმენტი გაყალბებულია.
ოქრუაშვილმა წილების სხვა პირებზე გადაფორმების თავიდან აცილების მიზნით, მათზე ყადაღის დადება მოითხოვა.
შეგახენებთ, რომ 2016 წელს ოქრუაშვილმა განასაჯაროვა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, "რუსთავი 2"-ზე საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.
“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე”, - წერია ოქრუაშვილის მიერ მაშინ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელსაც ქიბარ ხალვაში ყალბს უწოდებს.
ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა.