1 ივნისიდან ბავშვთა "ცხელი ხაზი" 24 საათიან რეჟიმში ამუშავდა
02/06/2021 08:05:13 საზოგადოება
1 ივნისიდან ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასათანადო რიგიდული საზოგადოებრივი ნორმების დაძლევის მიზნით, „ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი - 111“ 24 საათიან მომსახურებაზე გადავიდა. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ხდება ინდივიდუალური და სიტუაციური რისკების გამოვლენა, შეფასება და შესაბამისი რეაგირება. ცხელი ხაზი, ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, ერთი ფანჯრის პრინციპით ახორციელებს შესაბამისი სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების ჩართვას. ცხელ ხაზზე შესაძლებელია ბავშვის და მშობლის ფსიქოლოგიური მომსახურების მიღება, როგორც სატელეფონო, ასევე პირისპირ - კონსულტაციის სახით. ზარის განხორციელება უფასოა!
ბავშვთა უფლებების ცხელი ხაზი 111 უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს და ამ პერიოდში 2 669 ბავშვის დახმარება/მხარდაჭერა განახორციელა, რაც მოიცავს: ფსიქოლოგიური, სოციალური, ჯანდაცვის, ძალადობის, განათლების საკითხებზე კონსულტირებას, რეაგირებასა და მონიტორინგს.
"ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი“ 111 გასულ წელს, 27 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და გაეროს ბავშთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა.
„ბავშვთა უფლებების დაცვა სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ბავშვები ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დამდგარიყვნენ“, - აცხადებს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსი ინდირა რობაქიძე. მისი თქმით, აუცილებლობას წარმოადგენდა ისეთი მომსახურებების შექმნა, სადაც ბავშვები თავად შეძლებდნენ პრობლემებზე საუბარს, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხის მიღებას, საჭიროების შემთხვევაში დახმარებას და მხარდაჭერას. ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი ფარავს ყველა საკითხს, რაც უკავშირდება ბავშვს, თუმცა მთავარი მიზანი - ბავშვებთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებაა!
ცხელი ხაზი ახორციელებს: ბავშვთა მიმართ ძალადობის, ჯანმრთელობის, განათლების, სოციალურ საკითხებზე კონსულტირებას, რეაგირებას და მონიტორინგს; ასევე, ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე კონსულტირებას, რეაგირებას და მონიტორინგს; ბავშვის და მშობლის ფსიქოლოგიური მომსახურების მიღების უზრუნველყოფას, როგორც სატელეფონო, ასევე პირისპირ - კონსულტაციის სახით.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულმა ცენტრმა ბავშვთა ცხელი ხაზის - 111-ის მომსახურებაში ჩართულ ბავშვებს უმასპინძლა.


