"პროკურატურის ცნობით, ნინოწმინდის პანსიონში ძალადობისა და უფრო მძიმე მუხლებითაც არის დაწყებული საქმეები"
02/06/2021 06:22:25 საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, ინფორმაცია პროკურატურიდან მიიღო.
მანვე აღნიშნა, რომ პანსიონთან დაკავშირებით საქმეები უფრო მძიმე მუხლებითაც არის აღძრული, თუმცა ჯერ–ჯერობით დეტალებზე ვერ ისაუბრეს.
"იქ ჩვენ არ გვიშვებენ, თუმცა სხვადასხვა წყაროებით ვცდილობთ ინფორმაციის მოპოვებას. მე შემიძლია გითხრათ, რომ იგივე პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, არაერთი საქმე არის აღძრული ბოლო წლებში და დაწყებული გამოძიება ძალადობის მუხლებით, სავარაუდოდ, პანსიონის ბენეფიციარების მიმართ. ჩვენ ვაზუსტებთ დეტალებს, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ეს ძალადობა და ასე შემდეგ. უფრო მძიმე მუხლებითაც არის დაწყებული საქმეები, უბრალოდ ახლა მეტ დეტალს ვერ გეტყვით", - განაცხადა ლომჯარიამ.
ომბუდსმენის ინფორმაციით, პროკურატურაში საქმეები მას შემდეგ აღიძრა, რაც რამდენიმე ბენეფიციარმა პანსიონის დატოვების შემდეგ სამართალდამცველებს მიმართეს.
"არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს იქ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ სინამდვილეში იგივე სამართალდამცველი ორგანოების ოფიციალური მონაცემებითაც, იქ არ არის ყველაფერი კარგად, რადგან იქ ძალადობის მუხლებით არის დაწყებული გამოძიება და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ყველა ამ შემთხვევაში პირმა მიმართა სამართალდამცველებს მას შემდეგ, რაც დატოვა ეს დაწესებულება როგორც ბენეფიციარმა. ეს არის დასტური, რომ იქ მყოფ ბავშვებს არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა, რომ ამ ფაქტების თაობაზე ხმა ვინმეს მიაწვდინონ", - განაცხადა ომბუდსმენმა.
ლომჯარია პანსიონის ბენეფიციარებს დაჰპირდა, რომ დაწესებულებაში აუცილებლად შევა და მათ უფლებებს დაიცვას.


