"ჩვენ მოვიყვანთ ახალ ძალას. არჩევნებში გამარჯვება არ გაგვიჭირდება"
01/06/2021 13:12:36 საზოგადოება
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მორიგ პოლიტიკურ განაცხადს აკეთებს და ამბობს, რომ შემდეგი არჩევნებისთვის ახალ ძალას ჩაუდგება სათავეში. მისივე თქმით, არც "მხარდაჭერა გაუჭირდება და არც არაფერი", რათა არჩევნებში გაიმარჯვოს.
"ამ არჩევნებს გავატარებ, შევხედავ რა ხდება და რა არა. ჩავერთვებით მერე ყველანაირი ფორმით, საქართველოს ასეთ არევას მერე უკვე აღარავის არ ვაპატიებთ. მანამდე ეკლესიაში მოგვარებული გვექნება ყველაფერი. ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც მხარდაჭერა გაგვიჭირდება და არც არაფერი არჩევნებზე გამარჯვებისთვის. ახალ ძალებს ჩავუდგები სათავეში. ასე რომ, იმის შიში არ გქონდეთ, რომ რუსულ ძალას ან ანტიქართულ ძალას ხელში ჩავუგდებთ ქვეყანას. მოვიყვანთ ახალ ძალას, თუ დავინახე, რომ ახალი და ძველი ძალების ჩარევით, იმის გამო, რომ ერთმანეთთან ქიშპი აქვთ, რუსულ საქმეს აკეთებენ", – აცხადებს მეუფე იაკობი.
მისივე თქმით, "დღევანდელ სიტუაციაში ქართველი კაცი, გინდ არ მოსწონდეს მმართველი პარტია, “ნაციონალების” დაბრუნებას, მით უმეტეს, მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს".
"ვიცი განწყობა, იარაღსაც აიღებენ ხელში”, – აცხადებს მეუფე.
ეპისკოპოსმა იაკობმა გააკრიტიკა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაც.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა იგი ლევან ვასაძესთან თანამშრომლობას მეუფე იაკობი პასუხობს, რომ ბიზნესმენი, საპატრიარქოს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობს, თუმცა სახელმწიფოს განვითარებასთან დაკავშირებით მის აზრებს არ იცნობს.
"როგორ და რატომ უნდა მოიაზრებოდეს ლევან ვასაძეს ჩემთან?!", – აცხადებს მეუფე იაკობი.


