დეკანოზი თამაზი – ნინოწმინდაზე: "ნამახვანზე დიდი პრობლემაა ეს ბავშვები"
01/06/2021 11:15:35 საზოგადოება
დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც გერმანიაში, მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარია, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე განცხადებას ავრცელებს.
დეკანოზის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონში ბავშვები საგანგაშო ვითარებაში იმყოფებიან და „სასწრაფოდ სჭირდებათ შველა“.
"გონივრული ეჭვი კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საგანგაშო ვითარებაში იმყოფებიან ბავშვები და სასწრაფოდ ჭირდებათ შველა. რატომ ვარ დარწმუნებული? იმიტომ, რომ მთ. ეპისკოპოს სპირიდონ აბულაძეს ჩაკეტილი აქვს კარი კონტროლისთვის და დღემდე არ უშვებს შიგნით საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ სახალხო დამცველს და მისი კონტროლის ჯგუფს. ფაქტობრივად მთ. ეპისკოპოსი სპირიდონი სახელმწიფოს თავზე ახევს კონსტიტუციას. ეს დაუშვებელია. სახელმწიფომ არ უნდა მისცეს ამის ნება არავის, მითუმეტეს როცა ბავშვების უსაფრთხოებას ეხება საქმე.
ვინაა ერთი ეპისკოპოსი, რომ სახელმწიფოს კანონს არ ემორჩილება?! მეორეს მხრივ, ჩემს დაქვემდებარებაში რომ იყოს ბავშვთა პანსიონი, რატომ უნდა მქონდეს ჩაკეტილი? რა, ციხეა თუ კოლონია? რატომ არ უნდა მინდოდეს, რომ ნახოს ხალხმა, ჟურნალისტებმა, მაკონტროლებელმა ორგანოებმა რა კარგ და ყოველმხრივ შესაფერის მდგომარეობაში მყავს ბავშვები?! თუ რამე არ მაქვს წესრიგში, მაინც უნდა მინდოდეს, რომ გავხსნა კარი და ყველას ვანახო ჩემი პრობლემა, რომ იქნებ დამეხმარონ და სასიკეთოდ შევცვალო ბავშვების მდგომარეობა. რადგან ამ ყველაფერს კატეგორიულად და პანიკურად ეწინააღმდეგება მთ. ეპისკოპოსი სპირიდონი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში და სასწრაფოდ შესამოწმებელია.
1 ივნისს ვუერთებ ჩემს ხმას ამ განგაშს, უშველეთ ბავშვებს, სახელმწიფოვ, შეასრულე შენი მოვალეობა, გაახსნევინე ჩარაზული კარი, დაუშვი სახალხო დამცველი და სასწარაფოდ შეამოწმე შენი ბავშვების მდგომარეობა ნინოწმინდის პანსიონში.
ნამახვანზე დიდი პრობლემაა ეს ბავშვები!", – აცხადებს დეკანოზი თამაზ ლომიძე.
ცნობისთვის: გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. სახალხო დამცველს ამ დრომდე არ აძლევენ უფლებას, რომ პანსიონატში შევიდეს. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ არშეშვების ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.


