
რუსეთი საქართველოს, ჩეხეთს, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ემუქრება
01/06/2021 09:48:02 პოლიტიკა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი საქართველოსგან, უკრაინისგან, ჩეხეთისგან და ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან მობოდიშებას მოითხოვს და ამ სახელმწიფოების მიმართ დაუფარავ მუქარას აჟღერებს.
მისი აზრით, ჩამოთვლილი ქვეყნები "თვითდამკვიდრების მცდელობებში ზღვარზე მეტად პროგნოზირებადები გახდნენ". «თითოეული მათი განცხადება იწყება პოლიტიკით, მაგრამ მთავრდება ხვეწნით "მოგვეცით ფული". როდესაც ეს ქვეყნები სოციალისტურ ბანაკში შედიოდნენ, მაშინ მიეჩვივნენ სხვის ხარჯზე ყოფნას და ეს ჩვევა დღემდე შემორჩათ. ეს მავნე ჩვევა არ იარსებებდა, მათ რომ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არა სიტყვიერად, არამედ რეალურად გააჩნდეთ. მაგრამ მათ არჩევანი უკვე გააკეთეს და ეს არჩევანი სატელიტი სახელმწიფოების სასარგებლოდ გაკეთდა" - წერს ვოლოდინი თავის Telegram-არხში და დასძენს, რომ "რუსეთს კი არ აქვს ამ ქვეყნების წინაშე ვალი, პირიქით - მათ ჰმართებთ რუსეთის".
უკრაინაზე საუბრისას რუსი პოლიტიკოსი წერს, რომ "ქვეყანას რუსული გაზის ტრანზიტისგან შემოსავლის დაკარგვის ეშინია და "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის მშენებლობისთვის ფულად კომპენსაციას მოითხოვს".
ჩეხეთი, მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ "გაუაზრებელ" ბრალდებებს აჟღერებს ვრბეტიცაში მომხდარი აფეთქებების გამო და ახლა «რაღაც 40 მლნ ევროზე საუბრობს».
«ასე იქცევა ბალტიისპირეთიც. ვერ გადაჭრა რა საკუთარი ეკონომიკური პრობლემები, რაღაც "კომპენსაციებს" ითხოვს საბჭოთა პერიოდისთვის», – თვლის ვოლოდინი.
«რუსეთს კი არ აქვს თქვენი ვალი, პირიქით - თქვენ გაქვთ მისი! მადლიერები უნდა იყოთ! რუსეთის მოქალაქეებს არ მოუთხოვიათ თქვენგან ის, რასაც თავის დროზე თავს აკლებდნენ თქვენთვის მოსაცემად - ქმნიდნენ რა სამუშაო ადგილებს, დებდნენ რა ძალასა და რესურსს თქვენს განვითარებაში, გიცავდნენ რა გარე გამოწვევებისა და საფრთხეებისგან. ნუ გავიწყდებათ, რომ სწორედ რუსეთმა იკისრა სსრკ-ის ვალების გადახდის ვალდებულება. თუ სინდისი არ გაქვთ, ზღვარი მაინც იცოდეთ! გახსოვდეთ, რომ რუსი კაცი ეტლს დიდხანს ამზადებს, მაგრამ მერე სწრაფად მიდის! სწორი იქნებოდა, ბოდიში მოგეხადათ და დაგვეწყო ურთიერთობა მომავალზე ფიქრით», – აღნიშნავს პოლიტიკოსი.
სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ჩამოთვლილ ქვეყნებს მოუწოდებს, "ნუ ცდილობენ ყველა თავის პრობლემაში დამნაშავედ რუსეთის გამოყვანას". «თქვენით დაიწყეთ! 30 წელია უკვე, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს აშენებთ. ნურც თავს იტყუებთ, ნურც სხვებს!», – ასკვნის ვოლოდინი.