საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირს "აღმოსაველთ პარტნიორობის" ქვეყნების კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოფაში მხარდაჭერას სთხოვენ
31/05/2021 12:23:00 საზოგადოება
საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართეს წერილით, რომელშიც ისინი ევროკავშირს სთხოვენ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მხარდაჭერას „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახური ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრები ხაზს უსვამენ პანდემიის დაწყების დღიდან ევროკავშირის მიერ პარტნიორი ქვეყნებისადმი გაწეულ მყისიერ დახმარებას კოვიდ-19-თან და იმ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში, რაც პანდემიამ გამოიწვია.
წერილში ხაზგასმულია, რომ მიმდინარე ეტაპზე, პანდემიის დამარცხებაში მასობრივ, უსაფრთხო ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მიმართავენ ევროკომისიას თხოვნით, რომ ევროკავშირმა საკუთარი „ვაქცინების გაზიარების მექანიზმი“ გაავრცელოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზეც, რაც სხვა წყაროებიდან მიღებულ ვაქცინებთან ერთად, დაეხმარება ამ ქვეყნებს, დროულად შეავსონ ვაქცინების მარაგი. მთავრობის ხელმძღვანელები გამოთქვამენ მზაობას, გააგრძელონ ევროკომისიასთან მუშაობა ამ მიმართულებით“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.


