გამყრელიძე განმარტავს, იგეგმება თუ არა საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით ბავშვების აცრა
31/05/2021 11:20:27 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბავშვებში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვაქცინების სამეცნიერო საბჭო მოგვიანებით მიიღებს.
„უმეტესობა ფიქრობს, რომ ბავშვთა აცრები აუცილებელი იქნება პანდემიის სრულად დასრულებისთვის იმიტომ, რომ ისინი არიან სერიოზული გამავრცელებლები. ამიტომ, ეს მიმართულება ემხრობა სწორედ იმ შეხედულებას, რომ ბავშვები უნდა აიცრან. მეორე შეხედულებაა, რომ თუ მოზრდილებში სერიოზულად დაგროვდა კუმულაციური იმუნიტეტი, მაშინ შეიძლება, თავი შევიკავოთ ბავშვთა აცრებისგან, სანამ კიდევ მეტი მტკიცებულება არ დაგროვდება ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. სანამ ჩვენ „ფაიზერის“ ადმინისტრირებას დავიწყებთ, ამ მხრივ მეტი მტკიცებულება იქნება. იცით, რომ ჩვენ მივყვებით დიდი ინსტიტუციების რეკომენდაციებს, როგორებიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები და ბრიტანეთისა და ევროპის მარეგულირებლები და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი ვაქცინების სამეცნიერო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მოგვიანებით. წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა მე ჩემი წინასწარი მოსაზრება მაქვს, რომელსაც ახლა ეთერში ვერ გავაჟღერებ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
28 მაისს ევროპის მედიკამენტების სააგენტომ „ფაიზერის“ კოვიდ- საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა.
სააგენტოს რეკომენდაციით, ხსენებული ასაკის ბავშვებში საჭიროა ვაქცინის ორი დოზა სამკვირიანი ინტერვალით.
აღსანიშნავია, რომ 12-15 წლის ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის პროცესი უკვე მიმდინარეობს აშშ–სა და კანადაში.


