"საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები ორივე დოზით აცრილ პირებშიც დაფიქსირდა, თუმცა უმეტესობამ დაავადება მსუბუქად გადაიტანა"
31/05/2021 10:58:59 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებშიც დაფიქსირდა, თუმცა უმეტესობამ დაავადება მსუბუქად გადაიტანა.
"რა თქმა უნდა, აცრას აქვს ძალიან დიდი და პრევენციული მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, აბსოლუტური მედიცინაში არაფერი არ არის, ამიტომ როგორც ერთჯერადად აცრილები, ასევე ორჯერადად აცრილები შეიძლება, დაინფიცირდნენ და ამის შემთხვევები ჩვენ უკვე გვაქვს. ერთჯერადად აცრილებში, დაახლოებით, 0,8% დაინფიცირდა, ორჯერადად აცრილებში ეს გაცილებით ნაკლებია - 0,2-0,3%-მდეა დაინფიცირება. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ყველა მათგანმა დაავადება გადაიტანა შედარებით მსუბუქად, თითქმის არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია ან ინტენსიური სამედიცინო დახმარება. ამიტომ, იქნება ეს ერთჯერადი თუ ორჯერადი აცრა და საერთოდ აცრა, ადამიანებს იცავს ყველა ეს კოვიდვაქცინა. პირველ რიგში, იცავს დაავადების მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილიანობისგან", - განაცხადა გამყრელიძემ.


