TI: მედიაგარემოს გაუარესებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო
31/05/2021 10:40:10 საზოგადოება
საერთაშორისო "გამჭვირვალობა-საქართველო" მედია გარემოს შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, მედიაგარემოს გაუარესებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.
როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება საფრთხის შემცველი გახდა ჟურნალისტებისათვის, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის.
"მმართველი პარტიის წევრთა აგრესიული რიტორიკა და სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ მათ მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანია, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და სახელმწიფოს მხრიდან ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასა და ძალადობაზე არასათანადო რეაგირება - ეს არის არასრული ნუსხა იმ პრობლემებისა, რომლის წინაშეც დღეს კრიტიკული მედიის წარმომადგენლები დგანან. სწორედ განსხვავებული აზრის მიმართ ხელისუფლების აგრესიული მიდგომის გამოძახილია ჟურნალისტების წინააღმდეგ გახშირებული ძალადობის ფაქტები", - აღნიშნულია კვლევაში.
კვლევაში ნათქვამია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები და მიმოხილულია პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის კონკრეტული ფაქტები.
ანგარიშში საუბარია ძალადობის და საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე, მუქარაზე, აგრესიულ რიტორიკასა და ფარულ მიყურადებაზე, დეზინფორმაციულ კამპანიასა და ინსტიტუციურ დევნაზე.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია თითოეულ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება, უმოქმედობა კი კიდევ უფრო წახალისებას განაპირობებს.
სრული ანგარიში იხილეთ აქ.


