ობლად დარჩენილი ბავშვები და ტრეფიკინგის შიში - რა ხდება ინდოეთში
31/05/2021 09:31:11 მსოფლიო
მსოფლიოში ყველაზე რთული ეპიდვითარდება ამ დროისთვის ინდოეთშია. Covid-19-მა ქვეყანაში, საერთო ჯამში, 329 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. პანდემიამ, მათ შორის, ინდოელი ბავშვების სამყარო რადიკალურად შეცვალა. როგორც BBC იუწყება, მათთვის ყოველი ახალი დღე წინაზე ბევრად რთულია.
ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები ობლად დარჩენილი ბავშვებისთვის სახელმწიფოს თავშესაფარს სთხოვენ.
ობლად დარჩენილი ბავშვების ისტორიები
ხუთი წლის პრატჰემისა და მისი 10 თვის ძმის აიუშის მამა Covid-19-მა აპრილში იმსხვერპლა. მოგვიანებით, ბავშვებს დედაც კორონავირუსით გარდაეცვალათ.

"ნათესავები ბავშვებს ეუბნებიან, რომ მშობლები საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდნენ. პრატჰემი მშობლებს ყოველდღიურად, სულ უფრო ხშირად კითხულობს. ნათესავებმა გადაწყვიტეს, დაკავშირებოდნენ დელიში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ობოლი ბავშვების საკითხებზე მუშაობს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, იმედოვნებენ, რომ ბავშვებს ვინმე იშვილებს", – წერს BBC.
მორიგი მძიმე ისტორია 12 წლის სონიასა და მის 7 წლის ძმას ამიტს უკავშირდება. ბავშვებმა მამა პანდემიის პირველი ტალღის დროს, დედა ერთი თვის წინ დაკარგეს. მათ ბებია უვლით, რომელიც ამბობს, რომ უამრავი ადამიანი მიდის მასთან შვილად აყვანის თხოვნით. თუმცა ბებია კატეგორიულად გამორიცხავს ბავშვების გაშვილებას.
"ეს ბავშვები ჩემი ვაჟიშვილისა და რძლის მემკვიდრეები არიან. როგორ უნდა შევძლო მე მათი გაშვილება? რაც ყველაზე ძალიან მადარდებს, ჩემი შვილიშვილების მომავალია. ჩემს შემდეგ ვინ იზრუნებს მათზე?!", – აცხადებს ბებია.
რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო დაობლებულ ბავშვებს
კორონავირუსმა ინდოეთში უამრავი ბავშვი დააობლა. ინდოეთის ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობის მინისტრის სმირტი ირანის განცხადებით, 1 აპრილიდან 25 მაისამდე პერიოდში ორივე მშობელი, სულ მცირე, 577–მა ბავშვმა დაკარგა. ქვეყნის მხოლოდ ერთ შტატში 1000–მდე ბავშვს ან დედა ან მამა გარდაეცვალა.

ორი დღის წინ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ობოლი ბავშვების დასახმარებლად ახალი ნაბიჯები დააანონსა – თითოეული ბავშვისთვის გამოიყოფა თანხა $ 13,970 ოდენობით. ეს თანხა მოზარდებს 18-23 წლამდე გადაეცემათ.
ინდოეთს მკაცრი შვილად აყვანის კანონები აქვს. ყველა შტატში არის ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის კომისია. გარდა ამისა, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან კომისიებს რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების იდენტიფიცირებაში.
არსებობს სპეციალური პორტალი, რომელზეც შვილად აყვანის მსურველს შეუძლია, დარეგისტრირდეს. მას შემდეგ, რაც ბავშვთა კეთილდღეობის სახელმწიფო კომიტეტი ყველა აუცილებელ დოკუმენტსა და პირობას გადაამოწმებს, პირს ბავშვის აყვანა "კანონიერად და უფასოდ" შეუძლია. თუმცა ინდოეთში შვილად აყვანის მაჩვენებლები დაბალია. 2020 წლის მარტის თვეში მხოლოდ 3 351 ბავშვი იშვილეს და ეს მაშინ, როცა ათიათასობით ობლად დარჩენილი მოზარდია. აღსანიშნავია, რომ ობოლ ბავშვთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა პანდემიის მეორე ტალღის – აპრილის შემდეგ.
"ჩემს ცხოვრებაში არასდროს მსმენია, რომ ამდენი ადამიანი იღუპება დროის ასეთ მცირე მონაკვეთში. ეს საგანგებო მდგომარეობაა", - აცხადებენ დელის ბავშვთა უფლებების დაცვის კომისიაში.
ტრეფიკინგის შიში
იქიდან გამომდინარე, რომ ინდოეთში ბევრი ობოლი ბავშვი დარჩა, გაიზარდა ტრეფიკინგის შიშიც.

სოციალური მედია წალეკა განცხადებებმა, რომლის თანახმად, გარკვეული პირები მზად არიან, იშვილონ ბავშვები, რომელთა მშობლებიც კორონავირუსმა იმსხვერპლა.
"ჩემი თანამშრომლები შესაძლებლობის ფარგლებში ძალისხმევას არ იშურებენ, გადაამოწმონ სოციალური ქსელები. ჩემი გუნდის ერთ–ერთმა წევრმა აღმოაჩინა ფეისბუქგვერდი, რომელიც ინდოელი ბავშვების აყვანის მსურველებს მიმართავდა. იგი დაუკავშირდა ამ ფეისბუქგვერდს, სადაც განუცხადეს, რომ ერთი ბავშვის ღირებულება 7000$ იყო. ჩვენ აღნიშნული გვერდის შესახებ პოლიციას შევატყობინეთ", – აცხადებს დელის ბავშვთა უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე ანურაგ კუნდუ.
ინდოეთში შიშობენ, რომ შესაძლოა, ბავშვების ექსპლუატაცია დაიწყოს, რომლებსაც "იაფ მუშახელად ან სექსმუშაკებად" გამოიყენებენ.
სონალ კაპური, რომელიც დელიში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „პროცაჰანის“ აღმასრულებელი დირექტორია აცხადებს, რომ დაობლებულ ბავშვებს განსაკუთრებული მონიტორინგი სჭირდებათ, რადგან დაფიქსირდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც დედის გარდაცვალების შემდეგ მამამ შვილები აუძულა, მძიმე ფიზიკური სამუშაოები შეესრულებინათ.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც დედას კორონავირუსის მძიმე ფორმა ჰქონდა და მამამ საკუთარ ქალიშვილებზე სექსუალაურად იძალადა.
"იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მცირეწლოვანები დაგვიკავშირდნენ დახმარებისთვის. გვითხრეს, რომ მამა დაეღუპათ, დედა კორონავირუსისგან ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მიცვალებულის გაპატიოსნება არ შეეძლო და მამის კრემაციისთვის დახმარება გვთხოვეს. ერთ–ერთი ზარი უკავშირდებოდა მამაკაცს, რომელიც ცოლის გარდაცვალების შემდეგ ისეთ შოკში ჩავარდა, რომ შვილებზე ზრუნვა აღარ შეეძლო და ნათესავებმა ორგანიზაციას საკვებით დახმარება სთხოვეს", – აცხადებს სონალ კაპური.

ინდოეთის შტატების მთავრობებმა დაიწყეს ზრუნვა პანდემიის შედეგად დაობლებულ ბავშვებზე, თუმცა ექსპერტების თქმით, ბავშვთა დასახმარებლად ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს. მათი შეფასებით, დიდი რისკია, ობოლ ბავშვთა რიცხვი ქვეყანაში კვლავ საგრძნობლად გაიზარდოს.


