„რიონის ხეობის მცველებმა“ გომელაურის განცხადება პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობად აღიქვეს
31/05/2021 09:27:04 საზოგადოება
რიონის ხეობაში შს მინისტრის დღევანდელი განცხადება პროტესტის დისკრედიტაციად აღიქვეს.
„217 დღეა, ვაწარმოებთ პროტეტს და არ ყოფილა კანონგარეშე ქმედება – სადმე შეჭრა, რაიმეს დაზიანება. ამ ბრალდებებს პროტესტის, უპრეცედენტო ერთობის დისკრედიტაციის მიზანი აქვს. ზოგადად, როდესაც ამბობ, რომ რღაც დააზიანეს, ამას მტკიცებულება სჭირდება“,– განაცხადა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.
მისივე ინფორმაციით, ხეობაში ექსპერტ–კრიმინალისტები მივიდნენ.
„გამოჩნდნენ ექსპერტ–კრიმინალისტები, გააბეს ყვითელი ლენტი და ბარიკადის შესაძლო დაზაიანებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს, რაც აბსურდული დამოკიდებულების გაგრძელებაა: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ნივთი [რკინის ჯებირი] აქ უკანონოდ დგას და ამის დაზიანებაზე გამოძიებაის დაწყება სრული აბსურდია! მსგავსი სამართლიან სახელმწიფოში არ უნდა ხდებოდეს!“.
შს მინისტრი ვახტანგ გომელაურმა რიონის ხეობაში რკინის ღობეების აღმართა დღეს შემდეგნაირად განმარტა:
„ნამახვანჰესს რაც შეეხება, ხედავთ, რომ რამდენიმე თვეა, პოლიციელები გუმათში დგანან და მაქსიმალურად ცდილობენ, შეხლა-შემოხლა არ მოხდეს. გუშინ ნახეთ, რომ ხელი დაარტყეს პოლიციელს, რომელიც ძალიან ცუდი ფაქტია და ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს. ასეთი რამ არ მომხდარა ამ დრომდე. აქციის მონაწილეებიც და პოლიციელებიც იცავდნენ დისტანციას, იყვნენ ძალიან წყნარად. გუშინ რატომღაც აგრესია გამოხატეს. რკინის ჯებირები დაგვჭირდება, თუ დაბალი ჯებირები, იქიდან გამომდინარე, რომ იცით, იქ ერთხელ შიგნით ტექნიკა დაუწვეს, მოხდა მუშებთან შეხლა-შემოხლა და ადგილობრივ „ენკას“ ხელმძღვანელობასთან. აქციის მონაწილეები რომ შევუშვათ, მოხდება უფრო მეტი დაძაბულობა, დაშავდნენ კიდეც მოქალაქეები. სპეცრაზმიც განმუხტავს და მუხტავენ კიდეც ვითარებას პოლიციელები. სპეცდანიშნულების რაზმს, რაც აქვს აღჭურვილობა, მათ შორის გაზი იქნება, წყლის ჭავლი, თუ რაც იქნება, თუ მოხდება ძალადობა პოლიციაზე, მათ კანონიერი უფლება აქვთ, ყველაფერი გამოიყენონ“.


