
პაატა სალია ამბობს, რომ გვარამიას კაბინეტის დაკავება არ ეჩქარება
19/07/2019 17:29:24 სხვა, საზოგადოება
ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა არ იცის, დატოვა თუ არა არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კაბინეტი.
„ნიკა გვარამიასთან მე გუშინდელი შეხვედრის შემდგომ შეხვედრა არ მქონია. ხედავთ, რომ გარკვეული გადაადგილებები ხდებოდა, თუმცა გუშინ მან თქვა, რომ აქვს რაღაც პირადი ნივთები წასაღები და მე არ ვაჩქარებ, ასე ვთქვათ, წაიღებს“, - განაცხადა პაატა სალიამ.
როგორც საკია ამბობს, მას კაბინეტის დაკავებაზე მნიშვნელოვანი საკითხები აქვს
„დირექტორის კაბინეტის დაკავებაზე მეტი მნიშვნელოვანი საკითხები გავიარეთ და მოქმედებები განვახორციელე მგონია დღეს იმ ადამიანებთან შეხვედრით, ვისაც, მენეჯმენტის თვალსაზრისით, წამყვანი პოზიციები უჭირავს. ჩემთვის ეს იყო მნიშვნელოვანი და არა რაღაც კაბინეტში შევსულიყავი.“ - განაცხადა პაატა სალიამ.
მისი თქმით, ტელეკომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა დაწყებულია.
„ფინანსური მდგომარეობის შესწავლაც დავიწყეთ. არ მინდა ახლა ვისაუბრო დეტალებზე, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, თუმცა, როგორც ვხედავ, ყველა მედიასაშუალებას საქართველოში გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს. ჩვენი ამოცანაა, ვიმუშავოთ სწორი გზების, ფინანსური პრობლემების გადაჭრის გზების მხრივ,“ - განაცხადა პაატა სალიამ.
რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, დამფუძნებელი აპირებს თუ არა ინვესტიციის ჩადებას კომპანიაში, იმისთვის, რომ ფინანსური კუთხით პრობლემები არ შეიქმნას, პაატა სალიამ განმარტა, რომ რას აპირებს ამ მხრივ ქიბარ ხალვაში, მხოლოდ მას შემდეგ ეცოდინება, რაც „სრული სურათი ექნება“.
„ამის თაობაზე საუბარი არ არის ახალი, რომ გარკვეული ფინანსური პრობლემები არის. ამაზე იყო საუბრები, რომ ეს ყადაღის გამო იყო გამოწვეული და ასე შემდეგ, თუმცა მე იმასაც გავახსენებ საზოგადოებას, რომ მიმდინარე ხარჯებთან დაკავშირებულ სესხებზე და მოკლევადიან სესხებზე უზრუნველყოფაზე, ჩვენ მაშინაც თანხმობას ვაცხადებდით, რომ ყადაღები მოგვეხსნა კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა მაშინ ეს დიალოგი ვერ შედგა. არ გამოვიდა ეს საკითხი, ანუ მათ უარი თქვეს.
რაც შეეხება იმას, რას აპირებს ქიბარ ხალვაში ფინანსური ინვესტიციების კუთხით და ასე შემდეგ, ამაზე ზუსტი პასუხი მექნება მას შემდეგ, რაც სრული სურათი მექნება. რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რა საჭიროებაც ექნება კომპანიას და რა შესაძლებლობებიც ექნება ამ შემთხვევაში კომპანიის მესაკუთრეს,“ - განაცხადა პაატა სალიამ.
ის დღეს არხის ჟურნალისტებს შეხვდება და როგორც ამბობს, მზადაა, კრიტიკულ კითხვებს უპასუხოს.