"ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის დისკრედიტაციას"
31/05/2021 07:47:57 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის და პოლიციელების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას", რაც მისი შეფასებით, "ყოვლად დაუშვებელია".
"სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრეტიდაციას". - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
მანამდე პოლიციელებისადმი მიმართვისას შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საქართველო პატივს სცემს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა, "სამწუხაროდ, ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ეთიკურ და კანონით დასაშვებ ზღვარს სცდება".
შს მინისტრმა თქვა ისიც, რომ დღეს ქვეყანას აპოლიტიკური და მოქალაქეის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია ჰყავს.
31 მაისი პოლიციელის პროფესიული დღეა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზეიმო ცერემონიას მართავს. ღონისძიებაზე წარმოადგინეს საპოლიციო და სამხედრო ტექნიკა, ასევე სახანძრო-სამაშველო ძალების მანქანები და აღჭურვილობა.


